რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,ვი-თი-ბი" ბანკის გორის ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებული საბოლოოდ გამართლდა
გორში მცხოვრებ ზაქარია აბუაშვილს ,,ვი-თი-ბი" ბანკის ყაჩაღობის მუხლით წარდგენილი ბრალდება საბოლოოდ მოეხსნა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 30 ივნისს მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით (მოსამართლეები: ნ გვენეტაძე, გ. შავლიაშვილი და პ. სილაგაძე) ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ,,ვი-თი-ბი" ბანკის გორის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ ზაქარია აბუაშვილს დანაშაული ვერ დაუმტკიცდა.

გორის პროკურატურამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, შემდეგ კი, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

,,საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ზ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ზ. ა-ის ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ" - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს პირველ ინსტანციაში გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა, ერთობლიობაში, ვერ დაადასტურა მისი ბრალეულობა და ზაქარია აბუაშვილი უდანაშაულოდ გამოცხადდა.

გორში ,,ვი-თი-ბი" ბანკი 2015 წლის 25 აგვისტოს დააყაჩაღეს, საიდანაც 7 208 ლარი გაიტაცეს.

საღამოს 17:35 წუთზე დამყაჩაღებელმა მოლარე ოპერატორს მაკა აღდგომელაშვილს თანხა მოსთხოვა. უცნობ პიროვნებას თავზე კეპკა ეხურა, ხოლო პირზე სამედიცინო ბადე ჰქონდა აფარებული.

მოლარე-ოპერატორის დაშინებისა და უჯრიდან თანხის ამოღების შემდეგ, გადის შენობიდან, ჯდება ტაქსიში, შემდეგ ქალაქის ტერიტორიაზე იცვლის ტაქსს და მოძრაობის მიმართულებას, რამდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ ტოვებს მანქანას და უჩინარდება. 25 აგვისტოდან 4 ოქტომბრამდე პოლიცია მას ვერ პოულობს.

2 თვის შემდეგ მოლარე-ოპერატორი ,,ბრალდებულს" ბაზარში ამოიცნობს. ატყობინებს პოლიციას და ზაქარია აბუაშვილს აკავებენ, რომელსაც  წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ქიმიური, დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ანალიზის პასუხებით ცნობილი გახდა, რომ ბანკის უჯრასთან, ასევე პირველ და მეორე ტაქსის მანქანიდან აღებული სინჯები დაკავებულ ზაქარია აბუაშვილის კვალს არ დაემთხვა - არც ტანსაცმლის კვალი და არც ხელის ანაბეჭდები. დადგინდა, რომ სალარო უჯრასთან და ტაქსის მანქანებიდან აღებული სინჯები ერთმანეთის იდენტური, ხოლო ზაქარია აბუაშვილის დნმ-ის მონაცემები - მათგან განსხვავებულია.

იხ. შსს-ს მასალა





დაფარული ვალები

საქმის მასალების მიხედვით, 2015 წლის 25 აგვისტოს, 18 საათის, ანუ ყაჩაღობის შემდეგ, ქალაქის ცენტრში, თი-ბი-სი ბანკის გადახდის აპარატით,  ზაქარია აბუაშვილმა ვალები დაფარა, სულ რაღაც 2359 ლარის ოდენობით.

ზუსტად იმ დროს, როდესაც ზაქარია აბუაშვილი ბანკომატთან იდგა, პოლიციის პიკაპები მოძრაობდა, ხოლო ქვეითი პოლიციელები ქალაქის ქუჩებში დარბოდნენ.

,,ვითიბის" დაყაჩაღებიდან 20 წუთის შემდეგ, 18:16 წთ-ზე აბუაშვილმა საფინანსო ორგანიზაცია ,,ნეტკრედიტის" ანგარიშზე ვალი 1350 ლარი ჩარიცხა; იმავე დროს ,,ვივუს.ჯი"-ს 650 ლარი დაფარა, ხოლო 18:45 წთ-ზე ,,ccloan"-ის კრედიტი 359 ლარი გადაიხადა. ჯამში - 2359 ლარი.

ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ წარადგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ზუსტად 2015 წლის 25 აგვისტოს სამხედრო მოსამსახურეებმა, მათ შორის, ზაქარია აბუაშვილმა, ხელფასი 1300 ლარის ოდენობით აიღეს.

ცინცაძე ამტკიცებს, რომ ზაქარია აბუაშვილმა სხვა სამხედრო მოსამსახურეების სესხებიც დაფარა, რომელიც მისი სახელით იყო ონლაინ-საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული.


სად არის ძაღლი, რომელმაც ორი თვის შემდეგ ყნოსვით ამოიცნო ბრალდებული?

,
,პატივცემულო მოსამართლევ, მე ყურადღებას ვამახვილებ გამოძიების მაღალ სტანდარტზე. დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა არც სალარო უჯრასთან, არც ერთ ტაქსიში, მით უმეტეს, მოლარე-ოოპერატორი აცხადებს, რომ სწორედ ის მაისური ეცვა, რომელიც შემდგომ ქალაქში ნახა, მაშინ რატომ უნდა ვენდოთ ძაღლს, რომლის სახელიც არ ვიცით? არ ვიცით ისიც, რა ვითარებაში ჩაატარეს ამოცნობა? არ ვიცით ისიც, ჰქონდა თუ არა რაიმე დაავადება ძაღლს დაყაჩაღებიდან ბრალდებულის დაკავებამდე? ჩვენ რომ ალტერნატიული ექსპერტიზა მოვითხოვოთ, რომელ ძაღლზე ჩავატაროთ? და საერთოდ, რა უფრო მნიშვნელოვანია? - გენეტიკურ-ქიმიურ-დაქტილოსკოპიური ექპერტიზა თუ ძაღლის ყნოსვა?" - კითხულობს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

ადვოკატი ამბობს, რომ კრიმინალისტიკურ სამსახურებს რამდენიმე ძაღლი ჰყავთ, ხოლო მათ, რაკი ლაპარაკი არ იციან, შესაბამისად, ალტერნატიული ექსპერტიზისთვის ვერ მიუთითებენ ძაღლის სახელსა და პასპორტის მონაცემებს.

თვით დაკავებული ზაქარია აბუაშვილი ამბობს, რომ მისი სამხედრო მუნდირი და ღირსება მსგავსი ფაქტის ჩადენის უფლებას არ მისცემდა.


სატელეფონო ზარები


პროკურორმა იმ სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლითაც იგი ამტკიცებდა, რომ ზაქარია აბუაშვილი 2015 წლის 25 აგვისტოს 16:55 წუთიდან ქალაქის ცენტრში, ვითიბი ბანკთან და გორის თეატრთან დამონტაჟებულ მაგთის ანძასთან იმყოფებოდა. შესული და გასული ზარები (ასევე მესიჯები), მაგთიკომიდან გაცემული ცნობის მიხედვით, გორის თეატრის შენობაზე დამონტაჟებულმა ანძამ დააფიქსირა.

,,ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებული ზაქარია აბუაშვილი იმყოფებოდა, არა თუ სამხედრო ნაწილში, მე-5 ბრიგადაში, რომელიც წმინდაწყლის ტერიტორიაზე მდებარეობს, არამედ ქალაქის ცენტრში, სადაც სწორედ ვითიბი ბანკი მდებარეობს" - აცხადებდა ია მეფარიშვილი, პროკურორი.

პროკურატურის მონაცემებით, იმ დროს, როდესაც მთელი შიდა ქართლის პოლიცია ქალაქის ცენტრში, ქალაქის გარეთ, ფეხით თუ მანქანით, პირბადიან დამყაჩაღებელს ეძებდა, ზაქარია აბუაშვილი ,,თიბისი" ბანკთან, სტალინის ქუჩაზე, ბანკომატების საშუალებით ფულს რიცხავდა. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ ვალები სამხედრო მოსამსახურემ ბანკიდან გატაცებული თანხით დაფარა.

ბანკის შენობაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა არ აფიქსირებს იმ სატელეფონო საუბარს, რომელიც ზაქარია აბუაშვილის ტელეფონზე 16:49 და 16:53 წთ-ზე განხორციელდა.

აღნიშნული ზარები ზაქარია აბუაშვილის ტელეფონზე ონლაინ-საფინანსო ორგანიზაციებიდან და მეუღლის ტელეფონიდან შევიდა. პირველ და მეორე ზარზე პასუხია გაცემული. ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ სათვალთვალო კამერის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთში ბანკის შენობაში მყოფი პირბადიანი ,,მოქალაქე" ტელეფონზე არ საუბრობს.

,,ეს რომ ზაქარია აბუაშვილი ყოფილიყო, კადრებში აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო სატელეფონო კონტაქტი, რაც არ ჩანს. ეს კი იმას ადასტურებს, რომ პირბადიანი დამყაჩაღებელი ზაქარია აბუაშვილი არ იყო" - აცხადებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

სატელეფონო საუბრებზე ყურადების გამახვილებამ პროკურორი ია მეფარიშვილი გააღიზიანა:

,,ბატონო ნოდარ, მაგ სატელეფონო ზარებზე რომ აპელირებთ, მაშინ გეტყვით, რომ სათვალთვალო კამერის ჩანაწერი იწყება 16:55 წუთიდან და თქვენს მიერ ნახსენები ზარები კი მანამდეა განხორციელებული. ან თქვე რა იცით, გამოძიებას რა მასალები აქვს? ჩატარებულია და კიდევ მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ამას მალე ნახავთ" - აცხადებს ია მეფარიშვილი.

,,სწორედ მაგაშია საქმე, რომ გამოძიებას არ აწყობს საქმეში 2 და 3 წუთით ადრე გადაღებული კადრები ჩადოს. ჩვენ გვაქვს ეს ჩანაწერი და საქმესაც დავურთეთ. იმ კადრებში, არ ჩანს, რომ ბრალდებული ტელეფონზე ლაპარაკობს. ამას ჰქვია, წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო, ისეა გამოძიების საქმე" - ამბობდა ნოდარ ცინცაძე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.