რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სალომე გოგინაშვილის გზა: ხაშური-ჰამბურგი-ხაშური
წარმატების რეცეპტი: ნინო სუხიაშვილის ბლოგი

ბლოგის ავტორისგან: ორიოდ წლის წინ ხაშურში ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ ტურიზმის განვითარების საკითხებზე ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების მფლობელთათვის ჩატარებულ ტრენინგზე თარჯიმნად მიმიწვიეს. ტრენერის შეთავაზებას - სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრების მოსაზიდად საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებს მენიუ უცხოური კერძებითაც გაემრავალფეროვნებინათ, მედგარი წინააღმდეგობა შეხვდა. - ხაჭაპურსაც კარგად შეჭამენ! რას ამბობ, ჩვენს ფხალს/საცივს/ხარჩოს რა ჯობია! არც ცხელი მჭადი აწყენთ! - მესმოდა დამსწრეთა
შეძახილები, რაც საბოლოოდ ორიოდ სიტყვაში გავაერთიანე - ადგილობრივები ქართული სამზარეულოს შეთავაზებას ანიჭებენ უდიდეს უპირატესობას მეთქი. ტრენერმა გაკვირვებით გადმომხედა, მაგრამ, ალბათ იფიქრა, მე ჩემი მითქვამს, გადაწყვეტილება კი თქვენზეაო და შემდეგ თემაზე გადავიდა.

ამ ტრენინგიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ ხაშურში იაპონური სამზარეულოს დელიკატესი - სუში გამოჩნდა - საქართველოს რეგიონებში არამხოლოდ ნაკლებად პოპულარული, არამედ თითქმის უცნობი კერძი, რომელმაც გურმანების გაკვირვება და სიახლეების მოყვარულთა დაინტერესება ერთდროულად შეძლო და სამზარეულოს შესახებ ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებსაც შეუტია.

სად ხაშური და სად იაპონიაო, იკითხავენ სკეპტიკოსები, თუმცა, როცა სამყაროს ერთი კიდიდან მეორე კიდემდე ხმის მიწვდენა უკვე ერთი წუთის საქმეა, ხაშურში გემრიელი სუშის დაგემოვნებაც ჩვეულებრივ მოვლენებს უნდა მივაწეროთ. ჩვეულებრივი ამბები კი მხოლოდ ერთი შეხედვითაა ჩვეულებრივი და არასდროს ხდება დიდი შრომის, მონდომების და ცნობისწადილის გარეშე.

უბრალოდ სალომე

არ ვიცი, გერმანიაში წასვლამდე რა რეაგირება მექნებოდა უცხოელი ტრენერის შეთავაზებაზე სამზარეულოს გამრავალფეროვნების შესახებ, მაშინ ხომ არც ერთი უცხო კერძი არ გამესინჯა და გემოს ძიების ხიბლიც არ გამეგო - ამბობს სალომე გოგინაშვილი - ახალგაზრდა, წარმატებული ქალი, რომელმაც სუშის მომზადება გერმანიაში ცხოვრებისას ისწავლა და ახლა გადაწყვიტა მის მშობლიურ ქალაქში უცხო გემო და ახალი კულტურა დაამკვიდროს. სალომეს ცხოვრებაში ახალი გემოების აღმოჩენა მის ემიგრაციულ გამოცდილებას უკავშირდება და წარუშლელი კვალიც აქვს დატოვებული. ახალგაზრდა ქალმა სწორედ ემიგრაციაში შენიშნა, რომ დილით სახლიდან გამოსული ადამიანებისთვის სულ ერთი არ არის, რას შეჭამენ მთელი დღის განმავლობაში. შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს დაკვირვება მის სამშობლოზეც რელევანტური იყო. ახალი გემოს შეგრძნება არაფრით ჩამოუვარდება სხვა ცხოვრებისეულ გამოცდილებებს - ასე სჯერა სალომე გოგინაშვილს და ცდილობს, ამ მიმართულებითაც გაამდიდროს მისი ისედაც საინტერესო ცხოვრება.

ხაშური-ჰამბურგი

მას შემდეგ, რაც ხაშურში სკოლა დაასრულა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მიიღო განათლება, სალომე გოგინაშვილი Au-Pair პროგრამით გერმანიაში გაემგზავრა. ერთწლიანი პროგრამა გერმანელ ოჯახთან მჭიდრო თანამშრომლობას და ენის შესწავლას მოიცავდა, თუმცა, სალომემ გაცილებით მეტი შეძლო. ყველაფერი კი უბრალო შემთხვევით დაიწყო: მასპინძელმა ქალმა, რომელიც ჰამბურგში მოსამართლედ მუშაობდა და წარმატებულ ადამიანად მიიჩნეოდა, სალომეს გაუმხილა, როგორ ვარჯიშობდა ყოველ დილას, როგორ ბრუნდებოდა მერე შინ, წესრიგდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიდიოდა სამსახურში. გერმანელი მოსამართლის ცხოვრების წესი მისაბაძად არცთუ რთული ჩანდა. ამასთან, რაც გერმანიაში ახლადჩასულისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ფინანსებს არ მოითხოვდა და მხოლოდ ნებისყოფისა და მონდომების ხარჯზე მიიღწეოდა. ასე დაიწყო სალომემ ვარჯიში ჰამბურგის უნივერსიტეტის ეზოში - მის საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე ახლოს. (სხვათა შორის, რამდენიმე ბინის გამოცვლის შემდგომ სალომე დღესაც იმავე მისამართზე და იმავე ოთახში ცხოვრობს, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა) უნივერსიტეტი იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა და ისე აღვიძებდა ცნობისმოყვარეობას მისი კედლების შიგნით, აუდიტორიებში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომ სალომემ საუნივერსიტეტო აპლიკაციის შევსება გადაწყვიტა და არსებული შვიდი შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთი - ჰამბურგის უნივერსიტეტი აირჩია. "გადავწყვიტე, ან ჩემი ოცნება ახდებოდა და ჰამბურგში ვისწავლიდი, ან უკან სამშობლოში დავბრუნდებოდი, სადაც ჩემი ოჯახი ყოველთვის მზად იყო მხარი დაეჭირა ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის."

ოცნება იოლად ასახდენი არ ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე თბილისის უნივერსიტეტშიც წარმატებულ სტუდენტად ითვლებოდა და GPA (Grade Point Average - აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი) მაღალი ჰქონდა, ძალიან დიდი კონკურენციისთვის უნდა გაეძლო. ჰამბურგის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების დასაუფლებლად უცხოელი აპლიკანტებისთვის ცალკე კონკურსი ტარდებოდა, სადაც სტუდენტობის მაძიებლები მთელი მსოფლიოდან იყრიდნენ თავს. მათთან კონკურენცია იოლი არ იყო. არ გვინდა იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ ნამდვილად ვერაფერს დაგპირდებით ამხელა კონკურენციის პირობებშიო, უთხრა სალომეს ადამიანმა, რომელმაც ცოტა ხნის შემდგომ უნივერსიტეტში წარმატებით ჩარიცხვა მიულოცა. ოცნება ახდა. თუმცა, მხოლოდ დიდი შრომის და მონდომების შედეგად. ამიტომ, სალომეს სჯერა, რომ ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს ყველაფრის მიღწევა შეიძლება. "ჩემი დის ახლო მეგობარი ცხოვრობდა გერმანიაში, რომელიც ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც დიდი იმედი იყო. მარიანა ხშირად მირეკავდა და მეკითხებოდა: ერთხელ როგორ არ დაგჭირდი, ან გზა არასდროს აგებნა, ან სხვა რამ შეკითხვა რატომ არ გაგიჩნდაო. სინამდვილეში, გზაც ბევრჯერ მიკითხავს და დახმარებაც არაერთგზის მიმიღია. მინდა, ყველას ვურჩიო: არ მოგერიდოთ უცხო ადამიანისთვის შეკითხვის დასმა, მისგან რჩევის მიღება, არ მოგერიდოთ დაკაკუნება, რადგან თუ დააკაკუნებთ, კარი აუცილებლად გაიღება. ხშირად, როცა ახალგაზრდები უნივერსიტეტში საბუთების შესატანად მიდიან ხოლმე, ენის ბარიერის გამო მარტო მისვლა ერიდებათ და ენის კარგ მცოდნეებს სთხოვენ დახმარებას. მიდით მარტო, დამოუკიდებლად, აუხსენით, რომ ენა ჯერ კარგად არ იცით, მაგრამ სწავლობთ, მონდომება და მოტივაცია გამოხატეთ და ყველა საქმე გამოვა."

ემიგრაციამ სალომეს ასწავლა, რომ ამქვეყნად საშიში არაფერია. უცხოეთში ხანგრძლივად ცხოვრებამ კიდევ უფრო მკაფიო გახადა, რაც ისედაც ყოველთვის იცოდა - ნებისმიერ ადამიანში მთავარია ღირსება, სიკეთე, პატიოსნება. "ერთხელ, ახლადჩასული, მასპინძელ ოჯახთან ერთად რადიოს ვუსმენდი, სადაც გადმოსცემდნენ, თუ როგორ გაძარცვა ერთმა ქართველმა მეორე ქართველის მაღაზია ჰამბურგში. მაშინ ენა ჯერ კიდევ მიჭირდა და დეტალები კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ მახსოვს, მასპინძელმა გაზეთი მომაწოდა, სადაც იგივე ამბავი ეწერა და წაიხუმრა: ცოტა უცნაური ქვეყანა გაქვთო." სალომე მიხვდა, რომ მისი პირველი წელი გერმანიაში იყო შანსი, რომელიც შეეძლო განვითარებისთვის გამოეყენებინა, ეპოვა საკუთარი თავი ახალ რეალობაში და დაემტკიცებინა, რომ უცხოეთში არც გაჭირვებას გაჰქცევია, არც თავშესაფრის მისაღებად ჩასულა და ისე უნდა მიეღოთ, როგორც თანასწორი. მოახერხა კიდეც. მისი მასპინძელი ოჯახი, რომელიც უსაფრთხოებას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა და სამოგზაუროდ მხოლოდ სკანდინავიის უაღრესად მოწესრიგებულ ქვეყნებს, ან ავსტრიას ირჩევდა, სხვა ქვეყნებს კი, მათ შორის ტურისტების სამოთხეს - იტალიასაც ამრეზით უყურებდა, საქართველოთი დაინტერესდა და იმოგზაურა კიდეც. "ამაში, სავარაუდოდ, ჩემი წვლილიცაა, თუმცა, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ვიქცეოდი ძალდაუტანებლად. ისე, როგორც მჩვეოდა. უბრალოდ, ოჯახმა იოლად შენიშნა, რომ მე და მათ უამრავი საერთო ღირებულება გვაერთიანებდა - სამშობლოს სიყვარული, ოჯახის პატივისცემა... ვუყვებოდი კიდეც საქართველოზე. გარკვეული ინფორმაცია ისედაც ჰქონდათ, მაგრამ დიდი ინტერესით მისმენდნენ ხოლმე. ამიტომ სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც აქედან ჩასული ადამიანი ან კრიმინალია, ან უკიდურესად გაჭირვებული, ანდა ანგარიშიც კი უჭირს, ნელ-ნელა, მაგრამ საფუძვლიანად დაიმსხვრა."

ემიგრაციაში სამშობლოც მეტად გიყვარდება, - ამბობს სალომე, - არ ყოფილა დღე გერმანიაში, რომ ჩემი ქვეყნის ამბები არ გამეგო, არ მცოდნოდა, რა ხდება პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში. თუმცა, ემიგრაცია არ არის ცალმხრივი ნოსტალგია. ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლები ჩვენს შეუღლებამდე დიდი ხანით ადრე მეგობრობდნენ. არაერთხელ მომნატრებია უცხოეთში მათი ურთიერთობა, დაბადების დღეების თუ სხვა დღესასწაულების ჩვენებური აღნიშვნა. საქართველოში ჩამოსვლისას სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემაც აღარ მინდოდა ხოლმე, რომ ჩემს ახლობელ ადამიანებთან ყოფნის სისავსეს არაფერი დაკლებოდა, მაგრამ აქ უკვე იქაურობა გენატრება - ადგილი, სადაც რეალიზდი, პიროვნებად ჩამოყალიბდი. წარმატება ხომ ყველგან მოვა, სადაც საკუთარ თავს აღმოაჩენ. უბრალოდ, ხშირად ამისი გაცნობიერება გვიჭირს. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მიწევს ხოლმე ქართველ დაკავებულებთან თარჯიმნად მუშაობა. მართალია, მე კომუნიკაციის უფლება არ მაქვს და მხოლოდ ადვოკატის ნათქვამის თარგმნა მევალება, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ შეშინებული დაკავებულის დასაწყნარებლად ადვიკატებს მასთან გასაუბრება უთხოვიათ. საქართველოშიც შემხვდა ერთ-ერთი ასე გაცნობილი ახალგაზრდა, რომელსაც, მისივე თქმით, გერმანიაში "უკეთესი ცხოვრების" მოლოდინი არ გაუმართლდა. თურმე, სამშობლოში საკუთარი სასტუმრო ჰქონია ერთ-ერთ პრესტიჟულ კურორტზე. ხანდახან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ, თვლიან, რომ არაფერი დაშავდება, თუ უცხოეთში მდიდარ ხალხს რამეს გამოგლეჯენ. ასეთ უცნაურად ბოროტ გზას ირჩევენ ხოლმე, სამწუხაროდ.

ჰამბურგი-ხაშური

პანდემიამ სალომეს საქართველოში ყოფნა იმდენად გაახანგრძლივა, რომ თვითონ და მისი მეუღლე გურამ მელიქიშვილი ჰამპურგიდან ხაშურში საცხოვრებლად გადმოსვლაზეც სერიოზულად ფიქრობენ. მითუმეტეს, აქედან ჰამბურგში დისტანციურად საქმიანობა უკვე ის მოცემულობაა, რომელსაც წყვილი უკვე დიდი ხანია შეგუებულია.

პანდემიის პირობებში სალომემ ჰამბურგში აზიური სამზარეულოს მიმართულებით გავლილი კულინარიის კურსიც გაიხსენა და ხაშურში, მისი ოჯახის კუთვნილ პატარა კაფეში სუშის მომზადება დაიწყო. რეგიონებში ჯერ არდამკვიდრებული და ხაშურისთვისაც ახალი ეს კერძი სალომეს საყვარელი პროდუქტია. პანქეიქებსაც ამზადებს, პიცის და იტალიური პასტის ორგვარი წესით მომზადებაც მოსინჯა. ცდილობს, სივრცე, რომლის დიასახლისიც თვითონაა, კულტურათა გაზიარების, ახალი შეგრძნებების გამოცდის, განსხვავებული გემოვნების ადამიანების თავშეყრის ადგილად გადაიქცეს. მას ხომ ემიგრაციამ ასწავლა - თუ იშრომებ, მოინდომებ და ეცდები - წარმატება აუცილებლად მოვა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.