რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
„სხვაგვარად ჩვეულ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით“ - რას ჰყვებიან გორში კოვიდვაქცინით აცრილები
პანდემიის დასრულება და ცხოვრების ჩვეული რიტმით გაგრძელება, შეზღუდვებისა და კორონავირუსის გარეშე, ყველას უნდა, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი ვაქცინაციას კვლავ სკეპტიკურად უყურებს. 20 მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში ჯამურად ჩატარდა 101 415 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 15 874 ადამიანი. რაც, ვირუსის გავრცელების ტემპის ფონზე, დაბალი მაჩვენებელია.

გორში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველად 15 მარტს შემოვიდა, მუნიციპალიტეტში 900 ადამიანი აიცრა. სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ასეთი დაბალი მაჩვენებელი იმუნიზაციის დასაწყისში ახალციხეში მომხდარ ფატალურ შემთხვევას უკავშირდება და იმედოვნებენ, რომ აცრის მსურველთა რაოდენობა მალე გაიზრდება.

Qartli.ge ესაუბრა ადამიანებს, რომლებიც „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმის“ პირველი დოზით უკვე აიცრნენ და ფიქრობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს იმისათვის, რომ ხელახლა დაიწყონ ცხოვრება, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, პანდემიამ წაართვა.



77 წლის პედაგოგი ნუნუ გოგინაშვილი 52 წელია, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ამბობს, რომ სწორედ პროფესიისადმი უზომო სიყვარულმა უბიძგა ვაქცინაციისკენ, რათა საკუთარი თავი და გარშემომყოფები მეტად დაეცვა.

„ჩემს შვილს ვკითხე, აცრა მინდა და შეიძლება-მეთქი? ჯერ რეგისტრაცია გამატარა ისე, რომ მე არ შევწუხებულვარ. შემდეგ, წამიყვანა ასაცრელად და თავადვე წამომიყვანა. მე რაც ძალიან მომეწონა ის არის, რომ ჩვენი ამცრელი ჯგუფი უზომოდ კულტურული ადამიანები არიან. ძალიან კმაყოფილი წამოვედი. არც იქ და არც სახლში თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან ცუდად გახდომა არ მიგრძნია. ყველანაირად ნორმალურად ვიყავი. საზოგადოების ასეთი შეხედულება რომ „არ ავიცრები“ და „რა აცრები“ მე არ მესმის რატომ? მაქვს ეს კითხვა. რატომ არ აიცრებით? ხომ არაფერი უშავდებათ? ჩემ გარშემო, რაც ვიცი, ჩემი ერთი მეგობარი უკვე აიცრა, თუ არ ვცდები „ფაიზერით“ და მეორეც უნდა აცრილიყო. მე „ასტრაზენეკათი“ ავიცერი“, - გვეუბნება ნუნუ გოგინაშვილი.

პედაგოგი გვიყვება, რომ პანდემიამ მასაც შეუქმნა დაბრკოლება. არ მალავს, რომ ცოტა გაუჭირდა ტექნოლოგიებთან დამეგობრება, თუმცა ეს მაინც მოახერხა და ონლაინ გაკვეთილები არც მას და არც მის მოწაფეებს ერთხელაც არ გამოუტოვებიათ.

„რაც პანდემია დაიწყო, ბევრი სირთულე შეგვხვდა, თუმცა ამ ონლაინ გაკვეთილებს კლასის უმრავლესობა მაინც ესწრებოდა. 22 ბავშვზე ნაკლები გაკვეთილზე არ შემოდიოდა. სასწავლო პროცესს პანდემიურ რეჟიმში თან სირთულეებიც ახლდა. იყო შემთხვევა როცა შუქი ჩამქრალა გაკვეთილის დროს, ან კომპიუტერს შეუქმნია რაიმე სახის პრობლემა. საერთო ჯამში, მოვახერხეთ და ფეხი ავუწყეთ ახალ ტექნოლოგიებს ისე, რომ პროგრამას არ ჩამოვრჩით და სრულფასოვნათ ავითვისეთ“, - ამბობს პედაგოგი.

ნუნუ გოგინაშვილი აღნიშნავს, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები, მისთვის ცოცხალი საგაკვეთილო პროცესი და ბავშვებთან ფიზიკური კონტაქტი ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, ცოცხლად შეხვედრას ბავშვებთან არაფერი ამ ქვეყანაზე არ ჯობია. მათ თვალებს რომ უყურებ, როდესაც რაღაცას გისმენენ, როდესაც აძლევ რაღაცას, როდესაც ბედნიერებას გრძნობენ, სწორედ ამის გამო მივიღე აცრის გადაწყვეტილება. იცით? როცა მასწავლებელი ხარ ბავშვებთან იმის შიშით არ უნდა მიდიოდე, რომ შეიძლება მე რამე მჭირს. როგორ შეიძლება ბავშვს არ მოეფერო. ამ ყველაფრის გარეშე მე არ შემიძლია, ასეთი ვარ. ამიტომ ვიფიქრე, მე რომ ვიყო ავად ჯანდაბას, მაგრამ ბავშვებს რომ გადავდო? ამიტომ ვთხოვე ჩემს შვილს რომ აცრა მინდოდა და მალევე ავიცერი. ჯერ პირველი დოზა მაქვს გაკეთებული და ველოდები მეორე დოზას ამაზეც მალე დამირეკავენ“.

მიუხედავად იმისა, რომ ორ კვირაში ერთხელ სწრაფ ტესტს იკეთებს და საკუთარ ჯანმრთელობაზეც ზრუნავს, ფიქრობს, რომ მხოლოდ ხშირი ანალიზი და რეგულაციების დაცვა ვერც პანდემიას დაასრულებს და ვერც იმ ადამიანების სიცოცხლეს უზრუნველყოფს, რომლებიც რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ.

„ ვფიქრობ რომ ვაქცინაცია საზოგადოებისთვის აუცილებელია. ზოგიერთები ძალიან ცუდად უყურებენ ამ პროცესს. უნდა მორჩეს ეს ჭორაობა და მითქმა-მოთქმა. ცოტა კულტურული ადამიანებივით შევხედოთ ჩვენს მომავალს. ჯობია აიცრან, ეს ვირუსი ხომ როგორმე უნდა დავამარცხოთ. ძალიან ცოტანი ვართ ქართველები და ხედავთ, რომ შაგრენის ტყავივით ვპატარავდებით. ტერიტორიებსაც გგვლეჯენ. ადამიანებიც გაიფანტნენ მთელ მსოფლიოში. გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას. ვცეთ პატივი ერთმანეთს. რატომ უნდა მოკვდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, როცა შეიძლება რომ იცოცხლოს; არ შეიძლება სიცოცხლით დავტკბეთ როდესაც ამის საშუალება არის?!“.

გეგმავს, რომ როდესაც პანდემია დასრულდება, პირველ რიგში და-ძმას და ნათესავებს მოინახულებს. ავა სოფელ ვარიანშიც სადაც, როგორც თავად ამბობს, საყვარელი რძალი ელოდება.

„ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტად მაკლდა საზოგადოებასთან ურთიერთობა. წარმოიდგინეთ, რომ თვეები ბავშვებს არ შეხვდები. ეს მაკლდა ყველზე მეტად. მე რომ გითხრათ, რომ სპეკტაკლზე ვერ წავედი ან კინოში ვერ წავედი და ამის გამო ვინერვიულე, მოგატყუებთ, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობა, რაც სენივითა გაქვს გულში როგორ შეიძლება ამას მოაკლდე? ტელეფონზე რომ დამირეკავდნენ რა ბედნიერი ვიყავი ნეტა იცოდეთ, იმიტომ რომ მენატრებოდა ადამიანის ხმა.“ - ამბობს ნუნუ გოგინაშვილი

ვირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს განსაკუთრებული სიფრთხილით იცავდა გორის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი.



იხსენებს, რომ პირველი ტალღის დროს შიშისა თუ სიფრთხილის გამო სახლიდან საერთოდ არ გადიოდა.


„ კორონავირუსმა ძალიან შეცვალა ცხოვრების რეჟიმი ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემ გარშემო ადამიანებისთვის. მივეკუთვნები იმ კატეგორიას ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ რომ ყველა რეგულაცია ზედმიწევნით დაეცვათ და ჩემი ოჯახიც ასე იყო. შესაბამისად, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ფაქტობრივად თვეები გავიდა, რომ მიწაზე ფეხი არ მქონდა დადგმული. არ ვიცი, შეიძლება ზედმეტად შეშინებულიც კი ვიყავი, მაგრამ ზუსტად ვიცი და ღრმად მწამს, რომ ჩემნაირმა მოქალაქეებმა ვ ხელი იმას, რომ კიდევ უფრო უარესი შედეგები არ გვქონდა იმ პირველი ტალღის დროს ვიდრე იყო და რაც დაფიქსირდა ოფიციალურად.“

ნანა ტერმაკოზაშვილი მოუთმენლად ელოდა ვაქცინის შემქნას. თავიდანვე მიაჩნდა, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაცია იქნებოდა. როგორც კი ქვეყანაში გამოჩნდა ვაქცინა, რომელზე რეგისტრაციაც ასაკობრივად არ იყო შეზღუდული, მაშინვე დარეგისტრირდა და პირველი დოზაც გაიკეთა. ახლა მეორეს ელოდება.

„მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ პანდემიამ ბევრი რამ მოგვცა. გვასწავლა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება, კონფერენციების ჩატარება, ლექციების ჩატარება ჩემ შემთხვევაში და ზოგადად ონლაინ ურთიერთობები, ვგულისხმობ ოფიციალურ ურთიერთობებს“, - ასე ფიქრობს, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ მეორე მხრივ ადამიანებთან ახლო ურთიერთობას გადაეჩვია და ცოცხალი შეხვედრები განსაკუთრებით ენატრება.

„პირველი, რასაც გავაკეთებ როდესაც ორივე დოზით ვიქნები აცრილი, ჩავეხუტები ადამიანებს და ვეტყვი, რომ არ ვარ ისეთი ცივი, როგორიც ვგონივარ ზოგიერთს, ვისაც უარი ვუთხარი ჩახუტებაზე ამ ერთი წლის განმავლობაში. ქუჩაში თუ მხვდებოდნენ, ან სამსახურში მოდიოდნენ, ბევრის სახეზე შემიმჩნევია გაოცება, გაკვირვება, როდესაც მინიშნებია, რომ შორიდან მოგვეკითხა ერთმანეთი“, - გვიყვება ნანა.

იცის, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ამ გადაწყვეტილების მიღებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია, თუმცა ფიქრობს, რომ მოქალაქეებმა ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რადგან ვაქცინაცია ძველი ცხოვრების დაბრუნების ლამის ერთადერთი საშუალებაა.

„მათთვის, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია, დავაფიქსირებ, რომ დიახ, პანდემიას არ ეშველება არცერთ შმთხვევაში ვაქცინაციის გარეშე და ვინც არ არის მოწოდებით ანტივაქსერი და რაღაც არგუმენტები აცრის წინააღმდეგ არ აქვს, უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია, რომ ბოლოს და ბოლოს გაიხსნას ქვეყანა, ეშველოს ეკონომიკასაც და ურთიერთობებიც აღვადგინოთ, მჭიდრო ფიზიკური“, - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

18 წლის სტუდენტი გიორგი ცერაძე პანდემიამ ფინანსურად დააზარალა. ვირუსის გავრცელებამდე, ის სწავლის პარალელურად რამდენიმე სამსახურში მუშაობდა.



„ძირითადად მომსახურების სფეროში ვმუშაობდი, თითქმის ყველა სამსახური გაჩერდა, რამაც საკმაოდ დამაზარალა, როგორც ფინანსურად ასევე ფიქოლოგიურად, რადგან საერთოდ ვერ გავდიოდი სახლიდან და არ მქონდა არავისთან ურთიერთობა.

2020 წელს ონლაინ სტუდენტი გავხდი და ჩემს კურსელებთან ერთად აუდიტორიაში არ ვყოფილვარ, ამიტომ პანდემია რომ დამთავრდება, ყველაზე მეტად ცოცხალ ლექციებზე დასწრება გამაბედნიერებს. ჩემს ჯგუფელებთან ერთად მინდა გართობა და ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნება“, - გვეუბნება გიორგი და დასძენს, რომ სწორედ ეს იყო მისთვის მთავარი არგუმენტი, რატომაც აცრის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მანამდე მიიღო, ვიდრე საქართველოში ვაქცინა შემოვიდოდა.

ვაქცინაციას მთელი წელი ელოდა. გიორგი პირველი იყო გორში, ვინც „სინოფარმზე“ დარეგისტრირდა და აიცრა კიდეც.

„რადგან ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, ვიყავი რისკ-ჯგუფში. ვაქცინაცია იყო ის, რასაც დიდი ხანი ველოდით. ახლა უკვე აცრილი ვარ, მალე მეორე დოზითაც ავიცრები და უკვე თამამად შევძლებ გადაადგილებას და ხალხთან ურთიერთობას. აცრის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. არ მქონია გვერდითი მოვლენები. არც თავის ტკივილი, არც სიცხე საერთოდ არაფერი. პანდემიამ მკვეთრად დამაპაუზა რადგან ქვეყანაში ყველაფერი გაჩერდა“, - ამბობს გიორგი ცერაძე.

შიდა ქართლში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჯერ კიდევ 15 მარტიდან დაიწყო, მაისის დასაწყისში კი შემოვიდა „სინოფარმის“ 1386 დოზა, რომელიც ოთხივე მუნიციპალიტეტში კასპში, გორში, ქარელსა და ხაშურში გადანაწილდა. უკვე არსებულ კლინიკებს, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობდა, კიდევ სამი სამედიცინო დაწესებულება დაემატა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.