ახალი ამბები
ეპიდემიების ისტორია შიდა ქართლში
გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა გამოსცა წიგნი: ,,საქართველოში ეპიდემის გავრცელების ისტორიიდან', სადაც ერთ-ერთი თავი, შიდა ქართლში სხვადასხვა დროს გავრცელებული ეპიდემიების შესახებ, მოგვითხრობს.

მაგალითად, სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ XVIII საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც თბილისში ეპიდემიამ ხელახლა იფეთქა, "შავი ჭირი" შიდა ქართლშიც გავრცელდა. პრევენციის მიზნით გადაადგილების შეზღუდვა დაწესდა. ეს განსაკუთრებით თბილისიდან გორში ჩამოსულ მგზავრებს ეხებოდა.

ამას ადასტურებს 1796 წელს იულონ ბატონიშვილის მიერ ოთარ ამილახვარის სახელზე გაგზავნილი წერილი:

"ქალაქის ამბავი შენ უკეთ გეცოდინება, მაგრამ ჩვენ ამას გწერთ, ამაზე არავინ მოგატყუოს რომ ქალაქში ჭირი არ იყოს. ხუმრობა არ არის გორში არავინ შეუშვათ ქალაქში 6 ნამყოფი ხალხი, ან ნათესავი, ან მეგობარი, თორემ ჩვენს მესისხლეთ მოვიკითხავთ მანდედამ. ან პურს არ დაუწყონ ძლევა ან ღვინოს და ან მეგობრობით არავინ გაიაფდეს და არავინ ნახოთ და თუ შეუტყოთ ვისმე, ნუღარც იმას შემოუშვებთ და სახლით და კარით აიკელით, სიფრთხილით მოიქეცით... მდივანი სულხან მოიკითხე და ესე წიგნი მასაც უჩვენე და თავისებურად სიმხხნით და სიფრთხილით უნდა მოიქცეს. ჩვენი ძმა გიორგიც დღეს მაღაროს მობძანდა და ხვალ ერთად შევეყრებით. ღ-თის გულისათვის ამაზე გაფრთხილდით, თუ შემოსულიყოს ვინმე ქალაქის ხალხი, ისე გარეკეთ, ახლო არსად დააყენოთ. უფლისციხის ზეით ნუ დააყენებთ, ძალიან გაფრთხილდით."

თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, ეპიდემია გორშიც გაჩნდა და მოსახლეობა იძულებული გახდა თავშესაფარი სხვაგან ეძებნა.

1798 წლის ივლისში გორში "შავი ჭირის" გავრცელების შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის იულონ ბატონიშვილის კარის მწიგნობარი იოანე ქართველიშვილი:

"განმრავლდა ცოდვათა ჩვენთა ძლით სენი იგი მომსვრლი, რომელსა უწოდებენ ჭირსა და განეფინა ქართლსა და კახეთსა შინაცა და ესრეთ გაჩნდა გორშიაც მაშინ. დიდსა სიმსწრაფლით ავიყარენით გორიდამ ი (10) ივლისს და მივედით კულბითას. მოეფინა სენი იგი მოსვრელი ქართლსა შინა, მაგრა უმეტეს გამრავლდა და გარდაემატა სენსა მას, შური მეფის გიორგისა, ძმათა თვისთა ზედა."

როგორც ამ ცნობიდან ირკვევა, იულონი ბატონიშვილი თავის ოჯახთან ერთად პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელზე, სოფელ დისევთან ახლოს, კულბითში გაიხიზნა.



1807 წელს "შავი ჭირი" ოსებით დასახლებულ შიდა ქართლის მთიან ნაწილში გავრცელდა. რუსეთის ხელი-სუფლებამ ოსებთან ურთიერთობის ზომები გაამკაცრა. აიკრძალა ვაჭრობა. ოსებისათვის განსაკუთრებით მოთხოვნად პროდუქტს მარილი წარმოადგენდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაინფიცირებული სოფლების სიახლოვეს გარკვეული რაოდენობის მარილი ჩაიტანეს.

ეპიდემიის რისკის მქონე მოსახლეობას სპეციალური პირობების დაცვით შეეძლოთ გადაადგილება, პირუტყვის საძოვარზე ტარება და სხვ. მოეწყო დაავადების საწინააღმდეგო სადეზინფექციო საკვამლები.

1807 წლის დეკემბრით არის დათარიღებული გრაფ გუდოვიჩის მოხსენება სახელმწიფო მრჩეველის – ლიტვინოვისადმი, სადაც აღნიშნულია:

"გრაფმა გუდოვიჩმა ეგერთა მე-9 პოლკის შეფისაგან პოლკოვნიკ შტაუბისაგან მიიღო შეტყობინება ერთ-ერთ ქართულ სოფელში-მიხალდიდზებაში (?) (სოფლის სახელი დოკუმენტში არასწორად წერია, გაურკვეველია, რომელი დასახლება იგულისხმება. სავარაუდოდ, საუბარი ეხება დიდი ლიახვის ხეობის მთის ნაწილში ოსებით დასახლებულ სოფელს. - გ.ს.) გადამდები დაავადების გამოჩენის შესახებ. პოლკოვნიკის შეტყობინებას თან ერთვოდა ადგილზე ვითარების შესამოწმებლად გაგზავნილი გორის სამაზრო მკურნალის კორალის პატაკის ასლი, რომელშიც ექიმი დაავადების შესაჩერებლად მიზანშეწონილად მიიჩნევდა შემდეგი ზომების მიღებას: "

სოფელ თამარაშენში შესაფერისი ადგილის შერჩევით, სამედიცინო მოხელის დანიშვნით და მისი საჭირო აღჭურვილობით მომარაგებით მოეწყოს კარანტინი, სადაც მოხდება მიყვანილი ადამანების ჯეროვანი შემოწმება და სადეზინფექციო შეკვამლა;

ახლომდებარე სოფლების ყველა მცხოვრებს მიეცეს უმკაცრესი გაფრთხილება არ იქონიონ მიმოსვლა ოსებთან და შეწყდეს სხვადასხვა დანიშნულების ნივთების, თუ ბამბის მარილზე გაცვლითი ვაჭრობა;

ოსებთან მახლობლად მდებარე სოფლებში ნაკელით ან შეშით მოეწყოს შესაკვამლები და აიკრძალოს სოფლებიდან შორს საქონლის საძოვრად გარეკვა. საქონელი იყოლიონ სოფლების მახლობლად და ყოველდღიურად, დღეში ორჯერ, დილა-საღამოს პირუტყვი გაატარონ შესაკვამლებში;

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს დასნებოვნებულ სოფელს, რომელსაც შორიდან გარს უნდა შემოევლოს სადარაჯო საგუშაგოები, გუშაგებმა იქვე გამართონ შესაკვამლები და არ დაუშვან მათთან ვინმეს ახლოს გაკარება."

შიდა ქართლში "შავი ჭირის" გავრცელების ფაქტები მომდევნო წლებშიც დაფიქსირდა.

მთავარმართებელ ტორმასოვის მიერ პოლიციის მინისტრის ბალაშოვისადმი გაგზავნილი 1811 წლით დათარიღებული წერილიდან ჩანს, რომ "შავი ჭირის" ეპიდემიის შემთხვევები გამოვლინდა ქარელსა და ბრეთში.



ახალციხეში "შავი ჭირით" გარდაცვლილი თავადის – ციციშვილის მსახურმა, ქარელში თავისი დასნებოვებული პატრონის ნივთები ჩაიტანა და იმ ოჯახში, სადაც დაბინავდა, გადამდებ დაავადებას 3 მამაკაცი და 1 მანდილოსანი ემსხვერპლა.

ტორმასოვის მოხსენებიდან ირკვევა, რომ ეპიდემიის რამდენიმე ფაქტის დადასტურებას დაემთხვა სოფელ ერგნეთში იქაური წარჩინებულის – ხერხეულიძის სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი "შავი ჭირი" არ აღმოჩნდა, ხელისუფლებამ სიფრთხილე გამოიჩინა და სოფელი იზოლაციაში მოაქცია.

ტორმასოვის წერილის მიხედვით, "შავი ჭირი" დაფიქსირდა ასევე სოფელ ბრეთში, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ოჯახის უფროსი ახალციხის საფაშოდან დაბრუნდა, სახლში ქსოვილი და წვრილმანი ნივთები ჩამოიტანა და მისი ოჯახის წევრების დასნებოვნების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

შიდა ქართლში არსებულ სოფელ ბრეთში "შავი ჭირის" ეპიდემიამ მწვავედ 1828 წელს იფეთქა. მთავარმართებელ პასკევიჩის მიერ 1828 წლის 29 დეკემბერს გენერალადიუტანტ ზაკრევსკის სახელზე გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ სოფელი კარანტინში იყო მოქცეული. ეპიდემიით გარდაიცვალა ადგილობრივი წარჩინებული ოჯახის წარმომადგენელი მანდილოსანი ავალოვი (ავალიშვილი), დაინფიცირდა ამავე ოჯახის წევრი ლუარსაბ ავალოვი (ავალიშვილი), რომელიც გარკვეული პერიოდი იზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პასკევიჩის წერილიდან ირკვევა, რომ მცირე ხნის შემდეგ ხელისუფლებამ ძლიერი ყინვების გამო, ჭალის (შესაძლოა კასპის რაიონში არსებული სოფელი) საკარანტინო ხაზი გააუქმა და მდ. ლიახვზე ჩაყენებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემდგარი საკარანტინო მწკრივებიც მოხსნა.

დაწესებულ რეგულაციებს მოსახლეობა ხშირად არღვევდა და არსებულ წესებს არ ემორჩილებოდა, ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი გორის მაზრის სოფელ მეჯვრისხევში. ამას ადასტურებს მთავარმართებელ რტიშჩევის მიერ გენერალ სიმონოვიჩისადმი გაგზავნილი 1813 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებული წერილი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადგილობრივმა მამასახლისმა, სოფლის მოსახლეობამ და თავადმა ერისთავებმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს კარანტინის ინსპექტორს თუმანოვს (თუმანიშვილს) და გორის მკურნალ ექიმს კორალის.

მოსახლეობის ასეთი ქმედების გამო რტიშჩევი ხელისუფლების ჩინოვნიკებს ადანაშაულებდა, რომლებმაც ხალხის მიერ კანონის დარღვევა სამართალდამცავ სტრუქტურებს დროულად არ შეატყობინეს. რტიშჩევი სიმონოვიჩს ურჩევდა, სიტუაციის გასაკონტროლებლად შეექმნა საგანგებო კომისია, რომელშიც სამხედრო ჩინოვნიკები შევიდოდნენ. მისი რეკომენდაციით კომისიას სათავეში ჩაუდგებოდა პოდპოლკოვნიკი ტოკარევი.

1815 წლის 11 აპრილს გორში შედგენილი. პატაკის მიხედვით, ექიმი მინერვინი საერობო სამსახურის ოფიცერთან ერთად იმყოფებოდა გორის მაზრის ზოგიერთ სოფელში, რათა ეპიდემიის გავრცელების შესახებ არსებული სიტუაცია შეესწავლა.

დოკუმენტიდან ჩანს, რომ "შავი ჭირით" დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა გორის მაზრის სოფლებში: ვარიანში, ნიქოზში, ცხინვალში, ერედვში, ზერტში, კირბალში. ექიმ მინერვინის მოხსენებით ბარათში წარმოდგენილია გორის მაზრაში ეპიდემიის გავრცელების ფაქტები.



დოკუმენტში ვკითხულობთ:

"1. ქ. გორიდან 9 ვერსის მოშორებით მდებარე სოფელ ვარიანის დათვალიერებისას ერთ-ერთ ოჯახში აღმოჩნდა გარდაცვლილი ქალი გადამდები ნიშნებით, მის მეუღლეს ლოყაზე ძირმაგარა ჰქონდა. აქ საეჭვო მდგომარეობაში 10 ადამიანი იმყოფებოდა.

2. სოფელ ქვემო ნიქოზის ორ ოჯახში აღმოჩნდა 5 გარდაცვლილი და 17 საეჭვო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. გაირკვა, რომ ამ ოჯახებში ეს დაავადება ჯერ კიდევ 1812 წელს არსებობდა, ხოლო მარტის თვის პირველ რიცხვებში ეპიდემიამ კვლავ თავი იჩინა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათი დასნებოვნება იმ ორმოს გათხრამ გამოიწვია, სადაც დაინფიცირებული ნივთები ჰქონდათ დაფლული.

3. დადგინდა, რომ სოფელ ერედვში დაავადება ერთმა ოსმა ქალმა შეიტანა, რომელიც ქვემო ნიქოზის დასნებოვნებული ოჯახიდან ერედვში გადავიდა. აქ მან ერთ-ერთ ოჯახში რამდენიმე საათი დაჰყო, ხოლო ღამე სხვა ოჯახში გაათენა. ამის შემდეგ იგი ოსური სოფლებისაკენ გაემართა. დაავადება მომდევნო დღეს ორივე ოჯახში გამოვლინდა. ერედვში ერთ სახლში შავი ჭირისაგან სამი გარდაცვლილი აღმოჩნდა. ვინაიდან მათ დასაფლავებაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს, გარდაცვლილთა გვამები, სახლი და ქონების ნაწილი ცეცხლს მიეცა. ამ ორ ოჯახში (?) 12 ადამიანი გარდაიცვალა, 2 ქალი ავადაა და 5 -ის მდგომარეობა საეჭვოა.

4. სოფელ ზერტის 4 ოჯახში დაავადება მარტის პირველ რიცხვებში გამოვლინდა. შავი ჭირისაგან იქ 10 ადამიანი გარდაიცვალა, 7 - ავადაა, 28 კი საეჭვო მდგომარეობაშია. საიდან იქნა შემოტანილი დაავადება ამ სოფელში, ცნობილი არ არის.

5. სოფელ ზერტიდან 3 ვერსის მოშორებით მდებარე სოფელ კირბალში ამა თვის 8-ში 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მას საქონელი საძოვრად სოფელ ზერტის დასნებოვნებულ ოჯახებთან ახლოს ჰყავდა. სავარაუდოდ, სენი მათგან გადაედო. ზემოთ ხსენებული სოფლებიდან ყველა დაინფიცირებული ოჯახი ჩემს მიერ შესაფერის ადგილზე იქნა გადაყვანილი. დაავადებულები განცალკევებულნი არიან საეჭვო მდგომარეობაში მყოფთაგან. მათი სახლები სრულყოფილად იქნა დეზინფექცირებული, სხვები კი სათანადო ყურადღების ქვეშ იმყოფებიან. განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე სოფელ ქვემო ნიქოზში ჩაყენებულია კაზაკთა ყარაული".

მინევრინმა ხელისუფლების დავალებით ეპიდსიტუაცია შეისწავლა ცხინვალშიც, შეამოწმა ხერსონის გრენადერთა პოლკის ჯარისკაცების მდგომარეობა. სამხედრო პირებმა ცხინვალიდან გასვლის დროს 12 დღიანი კარანტინი გაიარეს. მინერვინის ინფორმაციით აღმოჩნდა ერთი დაინფიცირებული პირი - შტაბს-კაპიტან რიაბინინის მომსახურე ჯარისკაცი. თუმცა დაინფიცირების წყარო ვერ დაადგინეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცხინვალში ეპიდსიტუაცია სტაბილური იყო. ვიდრე ექიმი მინერვინი გორის მაზრის ზემოთ აღნიშნულ სოფლებს ამოწმებდა, მისი დავალებით გორის საშტატო მკურნალი კორალი სოფელ ქვემო ნიქოზსა და სოფელ ნიჩბისში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, სადაც "შავი ჭირით" დაინფიცირების ფაქტები არ აღმოჩნდა.

იმ დროისათვის ეპიდემიის შემთხვევები შიდა ქართლის კიდევ სამ სოფელში დადასტურდა. თებერვლის პირველ რიცხვებში დაავადებამ თავი იჩინა სოფელ სასირეთში. დადგინდა, რომ ის სოფელ ქვემო ხანდაკიდან გავრცელდა, "შავი ჭირი" ჯავახეთიდან გადმოსულმა გლახაკებმა შემოიტანეს.

მარტის შუა რიცხვებში დაავადება გამოვლინდა სოფელ დოესში, ხოლო იმავე თვის ბოლოს კი სოფელ ქვახვრელში. "შავი ჭირის" ფაქტები დადასტურდა ასევე წილკანსა და მჭადიჯვარში.

როგორც ჩანს, ქართლის ამ ნაწილში შედარებით მძიმე იყო ეპიდსიტუაცია, რის გამოც ხელისუფლებამ ექიმი მინერვინი მუხრანში გაგზავნა.



"შავ სიკვდილად" ცნობილმა ეპიდემიამ შიდა ქართლში, კერძოდ, გორში XIX საუკუნის 20-იან წლებშიც იჩინა თავი. ამის მიზეზი ოსმალეთის ფრონტიდან დაბრუნებული ხერსონის გრენადერთა პოლკის ჯარისკაცები იყვნენ. გადამდები დაავადება სწორედ მათ შემოიტანეს.

მთავარმართებელმა პასკევიჩმა გორის მაზრაში მკაცრი საკარან- ტინო შეზღუდვები დააწესა. გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პასკევიჩი 1828 წლის 8 დეკემბერს გენერალადიუტანტ ზაკრევსკის წერდა:

"თქვენო აღმატებულებავ, მივიღე რა, თქვენი 20 ნოემბრის #1226 მომართვა, სადაც გადმოცემულია სამედიცინო საბჭოს მოსაზრება საქართველოში შავი ჭირის გავრცელების შესახებ, თავს ვალდებულად მივიჩნევ გაცნობოთ შემდეგი:

1) ჩემი განკარგულებები გორის მაზრის მიმართ, სადაც ჯარებს შავი ჭირი აღმოაჩნდათ, სამედიცინო საბჭომ არასწორად მიიჩნია, იქვე დასძინა, რომ იმ მხარეში ადგილზე არსებული ვითარება მისთვის უცნობი იყო. საჭიროდ ვთვლი დაწვრილებით გადმოგცეთ აღნიშნული მიმართულებით ყველა ჩემი განკარგულება, რათა დავარწმუნო ეს უწყება, რომ ხელიდან არ გამიშვია ყოველივე ის, რისი განხორციელებაც კი შესაძლებელი იყო ამ მნიშვნელოვან საქმეში.

ა) მივიღე თუ არა პირველი შეტყობინება არდაჰანიდან დაბრუნებული ხერსონის გრენადერთა პოლკის ასეულებში შავი ჭირის გავრცელების შესახებ, ამ უბედურების შეჩერების და მისგან საჯარისო დანაყოფების და გორის მაზრის მაცხოვრებლების დაცვის მიზნით, ადგილზე ქმედითი ზომების განხორციელება დავავალე ხერსონის გრენადერთა პოლკის მეთაურს პოლკოვნიკ ბურცოვს, რომელმაც სამსახურისადმი გულმოდგინე და სანიმუშო დამოკიდებულებით თავი მრავალგზის გამოიჩინა.

ამასთან, ერთად შავი ჭირის აღმოფხვრის მიზნით, მას გორის მაზრის პოლიციური მართვა და ქართლში განლაგებული საჯარისო დანაყოფების მეთაურობაც დაევალა.

ბ) დასნებოვნებულთა, ასევე საეჭვო მდგომარეობაში მყოფთა განთავსებისთვის და ნივთების დეზინფექციისთვის ქ. გორში კარანტინი მოეწყო;

გ) გორის მაზრაში საქართველოს სხვა კუთხეებიდან მიმოსვლა კორდონების განლაგებით შეწყდა, ხოლო გორიდან თბილისისკენ მიმავალ მთავარ გზაზე, დუშეთისა და გორის მაზრების საზღვარზე კარანტინი შეიქმნა, რომელსაც საკარანტინო წესდების უმკაცრესი დაცვა ევალება.

დ) რადგან ქ. თბილისს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით ხორბლით ძირითადად ქართლი ამარაგებდა, დედაქალაქის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით ზემოთ აღნიშნულ კარანტინთან გორის მაზრის საზღვარზე საკარანტინო წესების სრული დაცვით გაიხსნა ბაზარი. ხორბლის შესყიდვისთვის კი დაინიშნა საგანგებო მოხელე.

ე) გორის მაზრის გავლისას მესანგრეთა ასეულებში მყოფ ჯარისკაცებს შავი ჭირის ნიშნები გამოუვლინდათ. ამავე ასეულების მიერ ეპიდემია გავრცელებულ იქნა გორსა და სურამს შორის მდებარე 3 სოფელში, რის გამოც გაძლიერდა საკარანტინე უსაფრთხოების ზომები.

ასეულები გორის მაზრაში დაბანაკდნენ და მათთან ყოველგვარი კავშირი შეწყვეტილია."

ოსმალეთის ფრონტიდან დაბრუნებულ რუს ჯარისკაცებს უკავშირდება ასევე 1830 წელს, გორში, ქოლერის ეპიდემიის შემოტანა . XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის I მეოთხედში ქვეყნისთვის სწორედ ქოლერა იქცა ახალ თავსატეხად. 

წყარო: გიორგი სოსიაშვილი, ,,საქართველოს ეპიდემიების გავრცელების ისტორიიდან''

ფოტოები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,მინდა, ყურადღება შევაჩერო გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ჯამერი,
,,მინდა, ყურადღება შევაჩერო გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ჯამერი,
22:26 / 29.11.2021
,,დიდი გორის'' ძირითადი საქმიანობაა მშენებლობა, ამავე დროს,
მითითებულია

,,დიდი გორის'' ძირითადი საქმიანობაა მშენებლობა, ამავე დროს, მითითებულია

21:52 / 29.11.2021
გორის ჯანდაცვის ცენტრში მოქალაქეთა მიღება  22 ნოემბრიდან
განახლდა.

გორის ჯანდაცვის ცენტრში მოქალაქეთა მიღება  22 ნოემბრიდან განახლდა.

15:43 / 29.11.2021
მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, 400
წლის წინ იყო
მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, 400 წლის წინ იყო
14:28 / 29.11.2021
,,თბილისში არ მაძლევენ აქციის გამართვის საშუალებას. ჩამოვედი გორში,
მინდოდა
,,თბილისში არ მაძლევენ აქციის გამართვის საშუალებას. ჩამოვედი გორში, მინდოდა
13:44 / 29.11.2021
ვიდეორეპორტაჟი

დავით ავაზნელისთვის წელს ყველაზე დასამახსოვრებელი ის ფაქტი იყო,

ალვინა გაგლოშვილმაც პედაგოგიური საქმიანობა ოქროსოფლის სკოლაში დაიწყო.
,,ხომ იცით ბავშვის ბუნება?. სწორედ ხიდზე მოუნდებათ ხოლმე სირბილი და ხტუნაობა.
,,უფროსს ვუთხარი შენი წყლის ამბავი, მაგრამ ესე მითხრა – წელს ვერ მოესწრებაო
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბატიური – ერთი ადამიანი ბესტავაანთ სოფელში
თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში
გვერძინეთი (PHOTO/VIDEO)
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი; აჭარული და ოსური ყოფა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.