რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,ღამეც კი გეგმას ვადგენ“ - ცხოვრება გვერძინეთში


,,რამდენჯერაც ტელეფონის რვეულს გადავშლი, იმდენჯერ თქვენი ნომერი მხვდება თვალში და ვიტყვი: ეჰ, ეს ბავშვები აღარ გამოჩენილან და ალბათ დავავიწყდი? დავურეკო? არ დავურეკო? მაგრამ ისევ გადავდებ ხოლმე ამ რვეულს“ - ამბობს ვერა ხაბალათი (ხაბალოვი).

მას ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ვესტუმრეთ, როდესაც ვარკვევდით, თუ როგორ ეხმარებოდა ადგილობრივი მთავრობა ხანდაზმულებს, ვისაც გადაადგილება არ შეეძლო.

ოფიციალური ცნობებით, ვერა უკვე 83 წლისაა, თუმცა აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ მისი დაბადების თარიღი 2-3 წლით გვიან დაათარიღეს, რადგან ბავშვობაში მისი ნაადრევი დაოჯახება გამართლებულიყო.

16 წლის ასაკში გაათხოვეს. ცხოვრობდა დუშეთში, შემდეგ საცხოვრებლად თბილისში მეუღლესთან ერთად გადავიდა. შვილების გაზრდის შემდეგ, 1990-იან წლებში გვერძინეთში, მამის სახლში დაბრუნდა.

სოფელში დაბრუნებისას დედინაცვალი კვლავ ცოცხალი იყო, თუმცა, მის მიმართ ისე აღარ იყო აგრესიული, როგორც ბავშვობაში. 1990-იანი წლების არეულობის დროს, დედინაცვალი ვლადიკავკაზში გადავიდა საცხოვრებლად და იქვე გარდაიცვალა.

ახლა ვერა გვერძინეთის მამისეულ სახლში მარტო ცხოვრობს. შვილები თბილისიდან ყოველდღიურად ტელეფონით უკავშირდებიან. ის ხანდაზმულებს შორის ერთადერთია გვერძინეთში, რომელსაც ახსოვს 1990-იან წლებამდე სოფელში არსებული მდგომარეობა. ქართულ-ოსურ კონფლიქტამდე გვერძინეთში ეთნიკურად ოსი მოსახლეობა ცხოვრობდა.



,,როცა ჩამოვედი თბილისიდან, გარშემო სულ ტურა და მგლები დაძრწოდნენ. სახლები დაცარიალებული იყო““ - იხსენებს ვერა.

სოფელ გვერძინეთს, ეთნიკურად ოსი, მხოლოდ ვერა ხაბალათი შემორჩა. ომის, არეულობისა და სიდუხჭირის მიუხედავად ვერამ მშობლიური კარ-მიდამო მისატოვებლად ვერ გაიმეტა.

„აქ ბევრი ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ არეულობის დროს გაიქცნენ, არაფორმალებმა გარეკეს. შემდეგ დაასახლეს აჭარლები და ჩემი თავი შემოევლოთ მათ. ძალიან კარგი ხალხია. სამეზობლოდ მათნაირი ხალხი რავიცი... თბილისშიც ვცხოვრობდი, მაგრამ ამათნაირი ხალხი არ მინახავს. ძალიან მაფასებენ.“- ამბობს ვერა ხაბალათი

გვერძინეთში დაახლოებით 15-20 კომლი ცხოვრობს, რომლებიც ეკომიგრანტები არიან აჭარიდან. ეკომიგრანტები 1996 წლიდან გამოჩდნენ. სოფელი თუ არსებობს დღეს, ეს ეკომიგრანტების დამსახურებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვერძინეთსაც ის ბედი ელოდა, როგორც მაგალითად წიფლოვანას და სხვა დაცარიელებულ სოფლებს.



„დღეს დავბარე. ახლა ეს დამრჩა დასაბარი.“ - ბოსტანზე მიუთითებს.“აქ სულ მეთესა ხოლმე სიმინდი ლობიო, მაგრამ პატრონი უნდა ყველაფერს. შრომა თუ არ გიყვარს შვილო... უნდა იმოძრაო. აი ნახევარი ქალი ვარ მაგრამ ღამეც გეგმას ვადგენ, რომ მეორე დღეს გავაკეთო. ხო, აბა... კი არ ვტრაბახობ. დავბარე, გავმარგლე. ახლა მწვანილს დავთესავ, პამიდორს.“-გვესაუბრება ვერა ხაბალოვი და გვაჩვენებს თუ როგორ უყვარს ბოსტანში ფუსფუსი.

მშობლიურ სოფელზე უზომოდ შეყვარებული ქალი ბავშვობის წლებს ტკივილით იხსენებს და ამბობს, რომ არცერთ ბავშვს, არ უსურვებს იმას რაც თავად გამოიარა.

„ჩემნაირად ნეტავ ბავშვი არ გაიზარდოს. უბედურად, დაჩაგრული; საწყალი ბავშვი ვიყავი, უპატრონო, ობოლი, დედინაცვლის ხელში. დედინაცვალი ჩემს სისხლს მწყურვალივით სვამდა. 16 წლისაც არ ვიყავი, რომ გამათხოვეს. ქორწილი გვქონდა. აბა, ქორწილის გარეშე მამაჩემი ხომ მომკლავდა. ძალიან მკაცრი მამა მყავდა. ქორწილი როგორც წესი და ადათი იყო ისე გადავიხადეთ და წავედით მერე.ჩემმა ქმარმა ჯერ დუშეთში წამიყვანა, მერე დუშეთიდან თბილისში ჩავედით. თბილისში ქირით ვიყავით და იქ ვცხოვრობდით. ასე, გაჭირვებაში. მერე ნელ-ნელა ფეხზე წამოვდექით. ბევრი გაჭირვება ვნახე შვილო, ბევრი, მაგრამ ახლა ჩემი შვილები იყვნენ კარგად, მე უკვე აგერ მოხუცი ქალი ვარ.“- გვიყვება ვერ ხაბალოვი.



ოსებისგან მიტოვებულ სოფელში, აჭარელი ეკო მიგრანტების რამდენიმე ოჯახი დასახლდა. ისინი მესაქონლეობას მისდევენ, თუმცა სოფელს საძოვრების პრობლემა აქვს, რის გამოც მოსახლეობას საქონლის მოვლა-პატრონობა უძნელდება.

მერაბ ხოზრევანიძე და მისი ოჯახი დიდი ხანია სოფელ გვერძონეთში დასახლდა. ისინიც აჭარელი ეკო მიგრანტები არიან. მერაბი წუხს, რომ სოფელი ახალგაზრდებისგან დაიცალა, რადგან აქ დასაქმების საშუალება არ აქვთ.

„აღარავის აღარ უნდა სოფელი. იმიტომ რომ პირობები აღარ არის და სამუშაო აღარ არის. ერთადერთი პატარა ცეხია გახსნილი და რაღაცით დასაქმებულია თითო ოროლა ოჯახი. უნდა გქონდეს საკუთარი ბიზნესი. რაღაცას თუ მოიყვან და გაყიდი, მთავარი ეგ არის. დანარჩენი არაფერი არ არის. უჭირს ხალხს, მაგრად უჭირს. რას იზამ...“- ამბობს მერაბ ხოზრევანიძე

მერაბი გვიყვება, რომ მის ოჯახს თავი ძირითადად მაინც მესაქონლეობით გააქვთ. თუმცა იმის გამო, რომ სოფელში მოსახლეობას პირუტყვი აღარ ყავს, საქონლის მოვლა მასაც გაუჭირდა.

„საძოვრები მაღლაა, 7 კილომეტრში. იქ ვერ ამყავს, რომ ვაბალახო. ერთი 10 ჰექტარი მიწა გვაქვს შესყიდული სოფელს, მაგრამ სოფელში უკვე პირუტყვი აღარ არის. ერთადერთი სამი სული პირუტყვი მყავს და იძულების წესით ვაბალახებ მეც. ასე ვერ გავუშვებ. რომ გავუშვა ან ნათესში უნდა შეუვიდეს ან ვინმეს რაღაცა უნდა გაუფუჭოს და დავდევ ხოლმე რა. რა ვუო აბა... ვერც გავყიდი. მეტი საშუალება არ არის. თუ იცხოვრებ ასე უნდა იცხოვრო. თუ არა და მაშინ არ უნდა იყოლიო საქონელი.“- წუხს მერაბ ხოზრევანიძე.

ავტორები: გიორგი ელიაური, ანა ბაქრაძე


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
რა მოხდა სტადიონზე? ამის თაობაზე კომპანიის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.
რა მოხდა სტადიონზე? ამის თაობაზე კომპანიის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.
19:48 / 24.09.2023
მოსახლეობამ აღნიშნა, რომ გზის მოასფალტების პროგრამაში არ იყო
გათვალისწინებული შესასვლელები
მოსახლეობამ აღნიშნა, რომ გზის მოასფალტების პროგრამაში არ იყო გათვალისწინებული შესასვლელები
11:13 / 24.09.2023
გოგრა, კარტოფილი, ვაშლი, ხახვი
გოგრა, კარტოფილი, ვაშლი, ხახვი
09:43 / 24.09.2023
თუმცა რამდენად ხარისხიანი წყალია, ამის თაობაზე, დასკვნისგან თავი
შეიკავა.
თუმცა რამდენად ხარისხიანი წყალია, ამის თაობაზე, დასკვნისგან თავი შეიკავა.
09:27 / 24.09.2023
ვიდეორეპორტაჟი
,,ერთ დღესაც მეუბნება, რომ დე, მოდი შევაგროვოთ ფული,
"ხელი ბავშვობიდანვე არ მქონდა, ასეთი დავიბადე. როგორც სხვა ბავშვები თამაშობდნენ,
,,თუ მარტო თქვენ ცხოვრობთ ამ სოფელში, მეზობელი როგორ გყავთ?" - ვკითხეთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.