გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, რეგიონული ფესტივალის ფარგლებში სტუმრების კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან არ გაწეულა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, ფესტივალი განათლების სამინისტროს პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მონაწილეების კვების, ტრანსპორტირებისა თუ ინფრასტრუქტურის ხარჯები სწორედ ამ დაფინანსებიდან დაიფარა.
უნივერსიტეტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ფესტივალის ორგანიზებისთვის არ გამოუყენებიათ სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური ან მთავრობის მიერ ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოყოფილი სუბსიდიები.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტმა თბილისიდან ჩამოსული სტუმრების — მათ შორის, პარლამენტარ გია ვოლსკის, განათლების მინისტრ გივი მიქანაძისა და სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის — გამასპინძლებაში 13 000 ლარზე მეტი დახარჯა, უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მაღალჩინოსნებს არც კვებითა და არც სატრანსპორტო მომსახურებით არ უსარგებლიათ.
„კვება არ განხორციელებულა რესტორანში ოფიციალური მიღების ან ე.წ. „სუფრის“ ფორმით. საკვები უნივერსიტეტში იქნა მიწოდებული და განკუთვნილი იყო მხოლოდ ფესტივალის მონაწილეთა და სტუდენტთა მომსახურებისთვის“, — ნათქვამია სასწავლებლის განცხადებაში.
ამასთან, უნივერსიტეტის მტკიცებით, 3 260 ლარი, რომელიც სატრანსპორტო მომსახურებისთვის გამოიყო, შიდა ქართლის სოფლებიდან მოსწავლეების, ასევე სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მგზავრობას მოხმარდა.
მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, ოფიციალური დოკუმენტაცია საპირისპიროს ამტკიცებს. უნივერსიტეტის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ 3 260 ლარი მხოლოდ თბილისი-გორის მიმართულებით ტრანსპორტირებას მოხმარდა. რაც შეეხება რეგიონის სოფლებიდან მონაწილეების ჩამოსაყვანად საჭირო ტრანსპორტს, დოკუმენტების მიხედვით, მათთვის ცალკე ტრანსპორტი იყო დაქირავებული, რაზეც დამატებითი თანხა გაიხარჯა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები