გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი ავტობუსების მოძრაობის სისტემის გაუმჯობესება მინი-ჰაბის ამუშავებაზეა დამოკიდებული.
მდინარე ლიახვის სანაპიროზე კონსტრუქციის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და დღემდე დაუმთავრებელია. სააგენტოს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, მინი-ჰაბის ამუშავება ქალაქში ლურჯი ავტობუსების მოძრაობის ინტერვალს 7-10 წუთით შეამცირებს. ამჟამად ინტერვალი 20-25 წუთს შეადგენს.
როგორც მშენებლობის დაწყებისას „ქართლის ამბებს" განუცხადეს, ჰაბი მძღოლების მოსასვენებელი ადგილი უნდა გახდეს, სადაც ისინი შესვენებას, ჭამასა და ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეძლებენ. 2026 წლის გაზაფხულზე გაირკვა, რომ ჰაბი ქალაქის საკანალიზაციო სისტემას დონეთა სხვაობის გამო ვერ დააკავშირეს. „არც ის გვინდა, რომ გამდინარე წყლები მდინარე ლიახვში ჩავუშვათ. ვმუშაობთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად", - აცხადებდა გაზაფხულზე სააგენტოს ხელმძღვანელი.
სააგენტოს ამჟამინდელი დირექტორის განმარტებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში გორს უფრო ორგანიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა ექნება, სადაც მგზავრებს ერთი მარშრუტიდან მეორეზე გადასვლა გაუადვილდებათ, ხოლო ავტობუსები უფრო ეფექტიანად გადანაწილდებიან.
„ამჟამად, დაახლოებით 28 აქტიური ავტობუსის პირობებში, ცალკეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალი 15-20 წუთს შეადგენს. მინი-ჰაბის მოწყობისა და სატრანსპორტო პროცესის ოპტიმიზაციის შემთხვევაში კი გარკვეულ გაჩერებებზე ინტერვალის დაახლოებით ორჯერ შემცირება შესაძლოა შესაძლებელი გახდეს", - წერია ანგარიშში, რომელიც საკრებულოს წევრებს გაეგზავნათ.
თუმცა სააგენტო იქვე განმარტავს, რომ ეს წინასწარი შეფასებაა და არა გარანტირებული შედეგი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები