რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სამი ამბავი გენდერული თანასწორობის შესახებ
(მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის მემკვიდრეობიდან) ნინო სუხიაშვილის ბლოგი

ათწლეულების წინ, ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ქალი სტუდენტები ამავე უნივერსიტეტის დეკანმა სახლში სადილად მიიპატიჟა. იმ პერიოდისთვის ჰარვარდში ქალის სასწავლებლად მოხვედრა იმდენად იშვიათი ამბავი იყო, დეკანთან სადილზე მიპატიჟება ამასთან მოსატანიც არ არის. შესაძლოა, დეკანს უბრალოდ იმ გამბედავი ახალგაზრდების ახლოს გაცნობა სურდა, საკუთარი თავი რომ მაღალკონკურენტულ გარემოში უშეღავათო და, იმ პერიოდის შეხედულებით, წინასწარ წაგებული ბრძოლისთვის გაიმეტეს. ასეა თუ ისე, დეკანს ქალი სტუდენტებისთვის უკითხავს: რა გინდოდათ ჰარვარდის სამართლის სკოლაში, მამაკაცების ადგილს რატომ იკავებთო.

ერთ-ერთი სტუდენტი, რომელსაც ამ არცთუ კომფორტული კითხვით მიმართეს რუთ ბეიდერ გინსბურგი გახლდათ - დაბადებით ჯოან რუთ ბეიდერი - ებრაელი ემიგრანტების ქალიშვილი, რომელსაც ცხოვრებაში წინსვლისთვის დამაბრკოლებელი არაერთი გარემოება დაბადებითვე ხვდა წილად, თუმცა, მას არასდროს ჩაუთვლია, რომ ამქვეყნად რომელიმე ქალი ან მამაკაცი შეიძლება გენდერული კუთვნილების გამო რაიმე საქმისთვის შეუსაბამო იყოს, არასოდეს დაუჯერებია, რომ ამქვეყნად არსებობს ადგილები ქალებისთვის და ადგილები მამაკაცებისთვის და არასდროს უფიქრია, რომ გენდერული უთანასწორობა მხოლოდ ქალებს აზარალებს და ამიტომ მხოლოდ ქალების უფლებებისთვის ბრძოლას უნდა მოიცავდეს.




ამბავი პირველი: ჩარლზ მორიცი შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ

1972 წელს რუთ გინსბურგი კონსულტანტად იყო ჩართული სასამართლო პროცესში „ჩარლზ მორიცი შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ“. მოსარჩელე შემოსავლების სამსახურისგან საგადასახადო შეღავათს ითხოვდა მისი ავადმყოფი დედისთვის მოვლის ხარჯების ნაწილში, რაზეც სამსახური უარს ეუბნებოდა. კანონი ამგვარ შეღავათს მართლა ითვალისწინებდა, ოღონდ ის მხოლოდ ქალებისთვის და ოფიციალურად დაქორწინებული მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი. ავადმყოფი დედის პატრონი მორიცი კი არც ერთ ამ კატეგორიას არ განეკუთვნებოდა. ამერიკის საგადასახადო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია, თუმცა, საოლქო სააპელაციო სასამართლომ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე ინსტანციის ფედერალური სასამართლოა, გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად ცნო, რადგან ჩათვალა, რომ საგადასახადო კოდექსი წინააღმდეგობაში მოდიოდა აშშ კონსტიტუციის მეთოთხმეტე შესწორებასთან კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის შესახებ და დაადგინა, რომ ოჯახის წევრის მოვლისთვის განკუთვნილი საგადასახადო შეღავათები დაუქორწინებელ მამაკაცებზეც უნდა გავრცელებულიყო.

ამბავი მეორე: ვაინბერგერი ვაიზენფილდის წინააღმდეგ

რუთ გინსბურგი მონაწილეობდა პროცესში ვაინბერგერი ვაიზენფილდის წინააღმდეგ (Weinberger v. Wiesenfeld) ბატონი სტეფან ვაიზენფილდი, რომელიც თავს მინიკომპიუტერების ბიზნესით ირჩენდა, ქალბატონ პოლა პოლაჩეკზე იყო დაქორწინებული. პოლა მათემატიკის მასწავლებელი გახლდათ. ქალს არასტაბილური შემოსავლების მქონე მეუღლესთან შედარებით, გაცილებით მაღალი და ამასთან მუდმივი შემოსავალი გააჩნდა. სამწუხაროდ, ვაიზენფილდის მეუღლე მშობიარობისას გარდაიცვალა და ჩვილი ბავშვის მოვლა მთლიანად მამას დააწვა მხრებზე, რომელიც ამ მიზეზით ბიზნესს დიდ დროს ვეღარ უთმობდა, რის გამოც მისი შემოსავალი კიდევ მეტად შემცირდა. მარჩენალის დაკარგვის გამო დაწესებული შეღავათი იმხანად მხოლოდ დაქვრივებული ქალებისთვის იყო დაწესებული. ვაიზენფილდი, როგორც ქვრივი მამაკაცი, ამ ბენეფიტით ვერ ისარგებლებდა, ამიტომ ბრძოლა გადაწყვიტა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა. აშშ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის იმდროინდელმა მდივანმა კასპარ ვაინბერგერმა, რომელიც ხარჯების შემცირების დიდოსტატად მიიჩნეოდა, ვაიზენფილდის მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონიერად არ მიიჩნია და საკითხის განსახილველად აშშ უზენაეს სასამართლოს მიმართა.

რუთ ბეიდერ გინსბურგმა, რომელიც იმ პერიოდისთვის რატგერსის სამართლის სკოლის პროფესორი გახლდათ, კოლეგებთან ერთად შეძლო დაემტკიცებინა, რომ სოციალური დაცვის აქტის 402 (g) მუხლი სტეფან ვეიზენფილდის მიმართ დისკრიმინაციული იყო, რადგან მას, როგორც ქვრივ მამაკაცს, არ ეძლეოდა შესაძლებლობა, მიეღო ის შეღავათები, რითაც ქვრივი ქალები სარგებლობდნენ. უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლიდან რვამ რუთ გინსბურგის მოსაზრება გაიზიარა, რომლის მიხედვითაც სოციალური დაცვის აქტის 402 (g) მუხლი არაკონსტიტუციურად ცნეს.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თავად ვაიზენფილდმა, რომელმაც სასამართლო პროცესების პარალელურად საკუთარი ბიზნესი დახურა და მაღალანაზღაურებადი სამსახური იშოვა კომპიუტერულ კომპანიაში, ამ შეღავათით სარგებლობა ვეღარც კი მოახერხა, რადგან მისი შემოსავალი გადასცდა იმ ზღვარს, რომლის მიღმაც სოციალური დახმარების მიღება იყო შესაძლებელი. თუმცა, მისი სასამართლო საქმის მიხედვით რუთ გინსბურგმა შეძლო შეეცვალა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში მამაკაცები, როგორც მზრუნველები და ქალები, როგორც მარჩენალები დისკრიმინაციას განიცდიდნენ. გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ბავშვზე მზრუნველი მამების პრობლემები არ განსხვავდება იგივე საქმიანობით დაკავებული დედების პრობლემებისგან. სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაუვალი გახდა ქალის, როგორც დიასახლისის და მამაკაცის, როგორც მარჩენალის ტრადიციული როლების ახლებური გადააზრება მათთვის სახელმწიფო შემწეობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

ამბავი მესამე: შეერთებული შტატები ვირჯინიას წინააღმდეგ

:შეერთებული შტატები ვირჯინიას წინააღმდეგ“ გინსბურგის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროცესი იყო, რომელიც 1996 წელს შედგა. ამ დროს რუთ გინსბურგი უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციას იკავებდა, სადაც იგი პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა 1993 წელს წარადგინა და მეორე ქალი მოსამართლე იყო სანდრა დეი ო’კონორის შემდეგ.

გინსბურგის მტკიცებით, ვირჯინიას სამხედრო სასწავლებელი არათანაბარი ხელმისაწვდომობის სექსისტური პოლიტიკის გამო წინააღმდეგობაში მოდიოდა აშშ კონსტიტუციის მე-14 შესწორებასთან კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის შესახებ. კანონის დაცვის მიზნით, ვირჯინიაში გადაწყვიტეს, ქალებისთვის შეემუშავებინათ სწავლების პარალელური პროგრამა. პროგრამას ვირჯინიის ქალთა ლიდერობის ინსტიტუტი ეწოდა და მან მერი ბელდუინის კოლეჯში დაიდო ბინა. თუმცა, გინსბურგისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ ქალთა ლიდერობის ინსტიტუტის მიერ მსმენელებისთვის შეთავაზებული ფაკულტეტები, სამხედრო წვრთნა, აღჭურვილობა, ფინანსური შესაძლებლობები თუ კურსდამთავრებულთთვის არსებული პროფესიული კავშირები და რეპუტაციაც კი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მამაკაცი კადეტებისთვის ხელმისაწვდომი შეთავაზებებისგან. რუთ გინსბურგის განცხადებით, „ვირჯინიის ქალთა ლიდერობის ინსტიტუტი ვირჯინიის სამხედრო სასწავლებლის მხოლოდ აჩრდილი იყო, როგორც სასწავლო პროგრამების არჩევანის, ისე ფაკულტეტების პრესტიჟულობის, დაფინანსების, ალუმნების (კურსდამთვრებულების) მხარდაჭერის და გავლენის მიმართულებით“.

ვირჯინიის სამხედრო სასწავლებელთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ შეძლო გაეუქმებინა ყველა ის კანონი, რომელიც, როგორც გინსბურგი წერდა, ქალებს ართმევდა შესაძლებლობას სრულად ესარგებლათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში წვლილის შეტანის, ჩართულობის, წარმატებისკენ სწრაფვის და მისი მიღწევის უფლებით მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი ქალები იყვნენ.

ვირჯინიის სამხედრო სასწავლებელი აშშ-ში უკანასკნელი ვაჟთა საჯარო უნივერსიტეტი გახლდათ. საქმე „შეერთებული შტატები ვირჯინიას წინააღმდეგ“ უკვე პრეცენდენტულია და საკონსტიტუციო სამართლის სკოლების სასწავლო პროგრამაშია შეტანილი.

დასკვნის მაგიერ:

ამ ცოტა ხნის წინ, შემთხვევით, ინტერნეტში ერთ ფოტოს გადავაწყდი, რომელიც არათუ ძნელად მოსაძებნი, არამედ სავარაუდოდ, ფართოდ გავრცელებულიც კია. ფოტო 1993 წლის 14 ივნისს არის გადაღებული და მასზე აშშ მაშინდელი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და რუთ ბეიდერ გინსბურგი არიან გამოსახული სწორედ იმ მომენტში, როცა გინსბურგი ოფიციალურ თანხმობას აცხადებს პრეზიდენტის მიერ მის წარდგენაზე აშშ უზენაეს სასამართლოში. ზაფხულია. „ქვეყნად მწვანის შემოსვლის“ დრო. შუა ასაკში არიან ფოტოზე გამოსახული ადამიანებიც და იმთავითვე იგრძნობა, რომ დგება დრო მუშაობის - მძიმე, ალბათ დამღლელი შრომის და ამავდროულად იმ აღმაფრენისაც, რომელიც საკუთარი იდეების რეალიზებას ახლავს.

„ქალების ადგილი არის ყველგან, სადაც გადაწყვეტილება მიიღება“, - თავისი ცხოვრებით და საქმიანობით ასე უპასუხა მოსამართლე რუთ გინსბურგმა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მიერ მისი პროფესიული საქმიანობის გარიჟრაჟზე დასმულ შეკითხვას. იმ ადამიანებს კი, ვისაც იგივე გვწამს, რისთვისაც მოსამართლე გინსბურგი იბრძოდა, მოგვიწოდა: „იბრძოლეთ იმისთვის, რისაც გჯერათ. იბრძოლეთ იმგვარად, რომ სხვებიც შემოგიერთდნენ!“
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.