რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ეთიკის ქარტიამ განიხილა ხაშურის რესურსცენტრის უფროსის საჩივარი Qartli.ge-ს წინააღმდეგ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ზვიად გოგუაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 16 მარტს „ქართლის ამბები/Qartli.ge”-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა საბა წიწიკაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებელი და მოპასუხე.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია „ჩემი პოსტების საჯაროდ გამოქვეყნებას ვკრძალავ” - ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. პოსტის აღწერაში კი მითითებულია - „ხაშურის რესურსცენტრის დირექტორის აზრით, ისეთი პოსტების გასაჯაროება, რომელიც მან მხოლოდ მეგობრებისთვის დაწერა, კანონით უნდა ისჯდებოდეს”. მასალა სოციალურ ქსელ Facebook-ში ზვიად გოგუაძის პოსტს ეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ პოსტის დაწერამდე ზვიად გოგუაძემ ეთიკის ქარტიას ელექტრონულ ფოსტაზე მიმართა კითხვით სოციალურ ქსელში არასაჯარო პოსტების მედიაში გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ქარტიის პოზიციაა, რომ მნიშვნელოვანია კონტექსტი და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ზოგადად, საბჭო მიიჩნევს, რომ არასაჯარო პირის არსაჯარო პოსტის შემთხვევაში, ეთიკურია ჟურნალისტმა წინასწარ შეათანხმოს მისი გამოქვეყნება. რაც შეეხება საჯარო პოსტებს, კონკრეტული ადამიანის მიერ საჯაროდ გავრცელებულ მასალის ჟურნალისტურ პროდუქტში გამოყენება შეთანხმების გარეშეც ეთიკურია, თუ არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული და გამონაკლისი შემთხვევა. შესაბამისად, ასეთ საკითხებზე საბჭო მსჯელობს ინდივიდუალურად და კონტექსტის გათვალისწინებით.

სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში ზვიად გოგუაძე სწორედ ქარტიის პასუხს განიხილავდა, სადაც წერდა: „კანონით, კიდევ უფრო გამყარება შეიძლება ამ პოზიციის”, ბოლოს კი მიუთითებდა: „მაშასადამე, ჩემი პოსტების საჯაროდ გამოქვეყნებას, ჩემთან კომუნიკაციის გარეშე, ვკრძალავ”. მისი თქმით, ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია არასწორად გააშუქა, რადგან მას არ დაუწერია, რომ „ისეთი პოსტების გასაჯაროება, რომელიც მან მხოლოდ მეგობრებისთვის დაწერა, კანონით უნდა ისჯდებოდეს".

განმცხადებლის თქმით, მას არ უგულისხმია, რომ ჟურნალისტები უნდა ისჯებოდნენ; როგორც ზვიად გოგუაძემ განმარტა, იგულისხმა, რომ შესაძლებელია სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ადამიანმა დაიცვას თავისი აზრი. განმცხადებლის მითითებით, ჟურნალისტმა ინფორმაცია მანიპულაციურად და ინტერპრეტირებულად გააშუქა.

თავის მხრივ, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ხაშურის რესურსცენტრის დირექტორმა პოსტი საჯაროდ გამოაქვეყნა, იგი იყო საჯარო მოხელე, ამიტომ მას არ დაურღვევია ეთიკის პრინციპები. მისი თქმით, პოსტში მოცემულია განმცხადებლის მთლიანი სტატუსი და მკითხველს შეეძლო მის ნათქვამს სრულყოფილად გაცნობოდა.

სადავო შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა სათანადოდ არ დაიცვა სიზუსტის პრინციპი. განმცხადებელს არ დაუწერია, რომ „ისეთი პოსტების გასაჯაროება, რომელიც მან მხოლოდ მეგობრებისთვის დაწერა, კანონით უნდა ისჯდებოდეს". რა თქმა უნდა, ჟურნალისტი ვერ გამოიცნობს, რა იგულისხმა პოსტის ავტორმა, მაგრამ როცა პოსტის კონკრეტული ნაწილი არ არის ცხადი და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, ჟურნალისტმა დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს ინფორმაციის გადასამოწმებლად. აუდიტორიას უფლება აქვს, მიიღოს დაზუსტებული და გადამოწმებული ინფორმაცია, მოისმინოს მხარის პოზიცია.

მართალია, სადავო მასალაში მოცემულია განმცხადებლის სტატუსის სქრინი, თუმცა ეს მაინც არ ათავისუფლებს ჟურნალისტს ვალდებულებისგან, რომ ნათქვამის პერიფრაზის დროს დაიცვას სიზუსტე.

ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინფორმით მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების (share) საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით.

საბჭო მიიჩნევს, რომ ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნეს განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით, ან აჩენს არასწორი ინტერპრეტაციის ალბათობას. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო მასალის სათაურში გამოტანილ წინადადებას აკლდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია (სათაურში ეწერა: „ჩემი პოსტების საჯაროდ გამოქვეყნებას ვკრძალავ”, ხოლო განმცხადებელმა დაწერა: „ჩემი პოსტების საჯაროდ გამოქვეყნებას, ჩემთან კომუნიკაციის გარეშე, ვკრძალავ”), ხოლო სოციალურ ქსელში გაზიარების დროს აღწერაში იყო გადაუმოწმებელი ინფორმაცია (ხაშურის რესურსცენტრის დირექტორის აზრით, ისეთი პოსტების გასაჯაროება, რომელიც მან მხოლოდ მეგობრებისთვის დაწერა, კანონით უნდა ისჯდებოდეს), საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

ზვიად გოგუაძის თქმით, ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად ისახავდა მის დისკრედიტაციას. ამასთან, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ განზრახულობა ჩანდა იმაშიც, რომ სააგენტომ მანამდე გამოაქვეყნა სტატია, სადაც დაწერა, რომ ქალაქ ხაშურის საგანამნათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, სოციალურ ქსელში დაბლოკა, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს და საბა წიწიკაშვილს მასთან ჰქონდა პირადი უთანხმოება.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტმა განმარტა, რომ მისი მხრიდან განზრახულობას ადგილი არ ჰქონია და მას არ ჰქონია პიროვნული დაპირისპირება განმცხადებელთან.

მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულ შემთხვევაში არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ არ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.



სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

საბა წიწიკაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბა წიწიკაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.

წყარო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს,
საქართველოს
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს, საქართველოს
11:31 / 15.04.2024
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
23:03 / 12.04.2024
"ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით, 10 საათზე. არ დაველოდე არავის მოწოდებას,
22:06 / 12.04.2024
საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25
წლის განმავლობაში.
საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში.
19:23 / 11.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.