ახალი ამბები
დე-ფაქტო ხელისუფლება გორის მფარველი ხატის გადაცემას ითხოვს
ჟენევაში, 2020 წლის 10-11 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ოქონის ხატი კვლავ მოითხოვა. ამის შესახებ რადიო ,,თავისუფლება" იტყობინება.

რადიო ,,თავისუფლებას'' ინფორმაცია დაუდასტურეს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ხატის დაბრუნებას არ აპირებს, რადგან ოქონის ხატი (სპილოს ძვლისგან დამზადებული ტრიპტიქონი) საქართველოს ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნას, ოქონის ხატის გა
დაცემის თაობაზე, გორისა და ატენის ეპარქიაში ეხმაურიებიან. მღვდელი გიორგი კარელიძე ამბობს, რომ ხატი საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობაა და რეგიონის მფარველად ითვლება.

,,ეს ხატი არის ერთიანი ქართული კულტურის და სულიერების ნიმუში და ეს არის ჩვენი, ერთიანი სახელმწიფოს საკუთრება. მე-19 საუკუნემდე ინახებოდა აქ, სამწუხაროა, რომ ცხინვალის მუზეუმიდან გაქრა და ამის მიზეზი იყო ფული.", - ამბობს სასულიერო პირი.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი მურატ ჯიოევი თვლის, რომ ხატის გადაცემით, საქართველოს ხელისუფლება ერთ პატარა, თუმცა მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს ნდობის აღდგენის კუთხით:

"სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ დააყენა საკითხი სამხრეთ ოსეთისთვის ხატი-ტრიპტიკონის დაბრუნების შესახებ. ის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდაა შენახული. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ტრიპტიკონის დაბრუნება იქნებოდა მართალია პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხს ნდობა გასჩენოდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეს არის წმინდად ჰუმანიტარული აქცია და ხატი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მეპატრონეს, სამხრეთ ოსეთის ხალხს. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე მანამდე ვილაპარაკოთ, ვიდრე ხატს არ დაგვიბრუნებენ"-აცხადებს ჯიოევი.

გორის უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ელდარ მამისთვალაშვილის თქმით, ტრიპტიკონი საქართველოში ბაგრატ IV-ის მეუღლემ, დედოფალმა ელენემ, ბიზანტიიდან მზითვად ჩამოიტანა, ამის შემდეგ, მე-12 საუკუნეში კი თამარ მეფემ გორში ოქონის ტაძარი ააშენა და იქ დააბრძანა. საქართველოს გასაბჭოვების შემდეგ, ხატი ცხინვალის მიზეუმში ინახებოდა თუმცა, დაიკარგა და ის კრისტის აუქციონზე რუსეთის მოქალაქემ 2001 წელს, 2 მილიონ დოლარად გაიტანა გასაყიდად. საქართველომ ხატის დაბრუნება 2004 წელს შეძლო და ის ახლა ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

როგორ მოხვდა 1925 წელს ცხინვალის მუზეუმში ოქონის ხატი?

ოქონის ხატის დაბრუნების შესახებ მურატ ჯიოევმა საკითხი 2018 წელსაც წამოაყენა, თუმცა უშედეგოდ. სააგენტო ,,რესმა", ცხინვალის ამჟამინდელი მუზეუმის ხელმძღვანელის, მერაბ ზოსიევის ინტერვიუ გაავრცელა:

,,ლეგენდის მიხედვით, ეს ხატი მეთორმეტე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა ალექსიმ ალანიის მეფის ვაჟს, როსმიკს ძღვნად მიართვა. 1924 წელს ხატი შემთხვევით აღმოაჩინეს სამხრეთ ოსეთში, ზნაურის რაიონის სოფელ ოქონას პატარა ეკლესიაში. იმ პერიოდში კავკასიაში უკვე დამყარებული იყო საბჭოთა მმართველობა და მალე, მოსკოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხატი ეკლესიიდან გამოიტანეს და სამხრეთი ოსეთის მუზეუმს გადასცეს, სადაც 90-იან წლებამდე (ომის დაწყებამდე) ინახებოდა."

,,საქართველოში ოქონის რამდენიმე ხატი არსებობს" - გვეუბნება გორის უნივერსიტეტის პროფესორი თამილა გოგოლაძე, რომელმაც ოქონის ხატის შესახებ სპეციალური ნაშრომი ,,ოქონა" დაწერა. ის ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებამდე ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი იყო და ცხინვალის მუზეუმში დაცული ხატის შესახებ ინფორმაციაც გააჩნია:

,,ხატი, რომელიც ცხინვალის მუზეუმში ინახებოდა, 1925 წელს სოფელ ოქონას ეკლესიის სასულიერო მოძღვარმა მიიტანა ცხინვალის მუზეუმში. მუზეუმის დირექტორი მაშინ იყო მიხეილ ცოტნიაშვილი. მიხეილ ცოტნიაშვილი შემდეგ ჩვენი - ცხინვალის ინსტიტუტის დეკანი იყო. ეს ხატი მუზეუმში მიიტანა სწორედ ოქონის ეკლესიის მღვდელმა." - აცხადებს თამილა გოგოლაძე.

გორის უნივერსიტეტის პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი ამბობს, რომ სოფელ ოქონას ეკლესია წარმოადგენდა ფალავანდიშვილების საგვარეულო ეკლესიას:

,,ოქონის ეკლესია ეკუთვნოდა თავად ფალავანდიშვილებს. ამ ეკლესიის ეზოში არიან დასაფლავებული ფალავანდიშვილები. სწორედ, ამ ეკლესიიდან მიიტანეს ცხინვალის მუზეუმში ხატი, რომელიც წარმოადგენდა ფალავანდიშვილების საწინამძღვრო ხატს." - აცხადებს იოსებ ალიმბარაშვილი, რომელმაც ასევე გამოსცა სპეციალური ნაშრომი ოქონის ხატის შესახებ.

ორივე მკვლევარი ამბობს, რომ ცხინვალის მუზეუმში ქართული ეკლესიიდან გადაბრძანებული ხატი იმ პერიოდის მოვლენების (გასაბჭოების) გამო მოხდა, რადგან ბოლშევიკები ეკლესია-მონასტრებს ანგრევდნენ.

საქართველოს საგვარეულოთა სამეცნიერო-საკონსულტაციო ინსტიტუტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მაია ზურაშვილის ცნობით, 1408 წელს, მეფე ალექსანდრეს სამართლის მიხედვით, ფალავანდიშვილებს სოფელი ოქონა და ოქონას მონასტერი სისხლის ფასად მისცა ამირან გაბელიძემ, რადგან ამირან გაბელიძემ მოკლა სიაუშ ფალავანდიშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის ბიუჯეტიდან 10 დღეში რუსეთიდან შემოტანილ პროდუქტში გადაიხდიან
26 690 ლარს.
გორის ბიუჯეტიდან 10 დღეში რუსეთიდან შემოტანილ პროდუქტში გადაიხდიან 26 690 ლარს.
19:16 / 27.02.2021
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო
სამუშაოები ცოტა ხნის დაასრულეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის დაასრულეს.
19:03 / 27.02.2021
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
18:05 / 27.02.2021
შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის
წარმომადგენლების მიმართ
შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ
17:01 / 27.02.2021
ვიდეორეპორტაჟი
გივი იაზბარიანმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ლიახვის ხეობელები პანდემიის პირობებში
მათი სახლი უშველებელ დასახლებაში გამორჩეულია. გამორჩეულია იმიტომ, რომ არ ჰგავს დანარჩანებს.
100 წლის ასაკში გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იროდიონ ტაბატაძე
იროდიონ ტაბატაძე 1920 წელს დაიბადა ხაშურში. ოჯახში 5 ძმა და 1 და ჰყავდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.