ახალი ამბები
30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
რაც პანდემია დაიწყო, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მშობლები და ახლობლები ერთმანეთს ნაკლებად ხვდებიან. პირისპირ შეხვედრის დროს, ერთმანეთს დარდსა და ვარამს უზიარებენ. ამჯერად, ყველაფერი დისტანციურად ხორციელდება და ამიტომ 30 აგვისტოს დაგეგმილი მოკრძალებული ღონისძიება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, დაკარგულთა მშობლები და ოჯახის წევრები გორში ხსოვნის მემორიალთან შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გაიხსენებენ დაკარგულებს და გარდაცვლილებს.

ოჯახებს დაკარგულთა მოძიებაში, საქართველოში წლებია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ეხმარება, ხოლო პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან “ნაბიჯი მომავლისკენ” სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა.

შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაკარგული პირთა ოჯახური კომიტეტის წევრებიდაან ერთ-ერთია რამაზ გამგებელიც, რომელმაც 1993 წელს ძმა, აფხაზეთის ომში დაკარგა. ხოლო წლების შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ძმის ნეშტი იპოვა.

,,უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ვიკრიბებით ახლობლები და კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობთ ერთმანეთს. ხშირად ვაწყობდით შეხვედრებს, მაგრამ ახლა ყველაფერი დისტანციურად მიმდინარეობს. სხვა გზა არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, 30 აგვისტოს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და მოკრძალებით აღვნიშნავთ ამ დღეს’’ ამბობს რამაზ გამგებელი.

მას აფხაზეთის ომში, ძმა – ბადრი გამგებელი დაეღუპა. ამბობს, რომ ვიდრე დაკარგული ძმის ძებნაში წითელი ჯვარის საერთაშორისო კომიტეტი ჩაერთვებოდა, უამრავი არაოფიციალური და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიღება და მისი დაჯერება უწევდათ:

,,ჯარმოვლილი იყო და მოხალისედ წავიდა აფხაზეთის ომში, გიორგი ყარყარაშვილის ,,თეთრ არწივში’’ მსახურობდა. მანამდე ჯერ დაჭრილები ჩამოიყვანა, შემდეგ ისევ გატრიალდა. ორი თვითმფრინავით წავიდნენ. ერთ-ერთ თვითმფრინავში იყო.’’ - იხსენებს რამაზი.

ამ ორი თვითმფრინავიდან ერთი ააფეთქეს, მეორე ზღვაში ჩააგდეს. ოჯახის წევრები ბადრის ვერ პოულობდნენ – ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს.

,,ეს იყო საშინელი პერიოდი. ცალკე მშობლები ნერვიულობდნენ და ცალკე მოსმენილი ინფორმაცია გვაწუხებდა. ხან გვეუბნებოდნენ, რომ არიქა, ცოცხალია, ზოგი გვეუბნებოდა, რომ ტყვეობაშია და იქ უნახავთ და .ა.შ ასეთ ვითარებაში ვცხოვრობდით. როცა უკვე საქმეში წითელი ჯვარის საერთაშორისო კომიტეტი ჩაერთო, ასეთი რამ აღარ ხდებოდა. მათი და არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯი მომავლისკენ“ მიერ მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც ფსიქოსოციალური დახმარება გვეწეოდა, ხოლო წლების შემდეგ, ჩემი ძმის ნეშტი იპოვეს და გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენითაც დააჯილდოვეს.’’ - გვეუბნება რევაზ გამგებელი.

ბადრი გამგებელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში ცხოვრობდა. ის 22 წლის იყო, როცა აფხაზეთში წავიდა. რეზო იხსენებს, რომ იმ პერიოდში, ომში თითქმის ყველა მისი ძმის თანატოლი წავიდა.

სულ ორი წელია, რაც ბადრის ნეშტი იპოვეს და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკარგულ შვილს დღემდე ეძებს ქეთევან სუხიტაშვილი. მისი შვილი, კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაიკარგა. შვილის პოვნის იმედს დედა დღემდე არ კარგავს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ომის დამთავრებიდან ამდენი წლის შემდეგ, ის ტანკი არაა ნაპოვნი, რომელშიც კაპრალი და მისი ეკიპაჟის წევრები ისხდნენ. .#406 ტანკს მძღოლ-მექანიკოსი ოთარ სუხიტაშვილი მართავდა.

"6 აგვისტოს მე და ჩემი შვილი სახლიდან გავედით. ის ჯარში წავიდა და მე თბილისში მისი შვილის ჩამოსაყვანად , მანდ დავშორდით ერთმანეთს, მას მერე აღარ მინახავს. არ ვიცოდი, ომი თუ იწყებოდა. არეულობა რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ ომი თუ დაიწყებოდა, არ მეგონა. ოთარმა შვილს დაურეკა და უთხრა "მამი, მე ცხინვალში უნდა შევიდე და შენ გაბარებ ოჯახს, არავის უთხრა. არ ვიცი ცოცხალი გამოვალ თუ არა."-ო.

ომის შემდეგ დარდმა და შვილის ძებნაში გატარებულმა წლებმა ქალბატონი ქეთევანის ჯანმრთელობაზე იმოქმედა.

,,დღეს მე და ჩემი მეუღლე უკვე ავადმყოფები ვართ, დიაბეტი გაგვიჩნდა, მეც წნევები მაქვს. საამაყოა, რომ გმირის დედა ხარ, მაგრამ ჩემი შვილის ამაგი არაა სათანადოდ დაფასებული. სკვერიც კი არ არის მისი სახელობისა. ახლა გვითხრეს, რომ ჩვენ სოფელში სკვერს ოთარის სახელი მიენიჭება, მაგრამ არაფერია გაკეთებული ამ სკვერში. ჯანმრთელობას რაც შეეხება, სამხედრო ჰოსპიტალში ყველანაირ დახმარებას გვიწევენ. ამ მხრივ ნამდვილად ყურადღებას გვაქცევენ’’ - გვითხრა ქეთევან სუხიტაშვილმა.

30 აგვისტოს აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე. მისთვის სასიხარულოა, რომ ამ დღეს იხსენებენ შეიარაღებულ კონფლიქტებში უგზოუკვლოდ დაკარგულებს და დაღუპულებს.

,,ომიდან გასული იყო ერთი თუ ორი წელი. წითელი ჯვარის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი თვითონ მოვიდა ჩვენთან. მანამდე დავდიოდით ხან თბილისში, ხან გორში. ყველას ვთხოვდი, რომ დამხმარებოდნენ შვილის ძებნაში. უამრავი ინფორმაცია მოგვდიოდა, თითქოს ვიღაცამ ნახა დატყვევებული ცხინვალში; საკუთარი ძალებით ვეძებდით. დღეს მეც ოჯახური კომიტეტის წევრი ვარ, ძალიან მეხმარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ჩართულები არიან პროცესში და იმედი მაქვს, რომ იპოვნიან ჩემი შვილის ნეშტს მაინც. თომას ჰამერბერგიც იყო ჩართული ამ საქმეში. მაგალითად, ცხინვალიდან გვეუბნებოდნენ, რომ ეს ტანკი ავაფეთქეთ და ყველა ტანკისტი დავხოცეთო, თუმცა გაარკვიეს, რომ იმ ტანკზე არ იყო საუბარი, რომელსაც ოთარი მართავდა.’’ - ამბობს ქეთევან სუხიტაშვილი.

ოთარის ცარიელი საფლავი მუხათგვერდის სასაფლაოზეა გახსნილი. დედა როცა იქ მიდის, ცოტა შვებას გრძნობს, რადგან ჰგონია, რომ შვილი იპოვა. ყველაზე მეტად სურს, რომ სასწაული მოხდეს და ცოცხლად გადარჩენილი უპოვნონ, მაგრამ ისეთი მოხერხებული ბიჭი იყო, რამეს მაინც გაგვაგებინებდა აქამდეო.


საქართველოში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 2010 წლიდან ეხმარება 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტებისას უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებს არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მეშვეობით. იგი აგრეთვე, მხარს უჭერს ორმხრივი და სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობას, რაც მიზნად ისახავს ოჯახებისთვის კონკრეტული პასუხების მოძიება იმის თაობაზე, თუ რა ბედი ეწიათ მათ გაუჩინარებულ ახლობლებს, ნათესავებსა და საყვარელ ადამიანებს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს
გვიან საღამოს გავრცელა.
ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გვიან საღამოს გავრცელა.
23:26 / 28.11.2021
ვიდეორეპორტაჟი

დავით ავაზნელისთვის წელს ყველაზე დასამახსოვრებელი ის ფაქტი იყო,

ალვინა გაგლოშვილმაც პედაგოგიური საქმიანობა ოქროსოფლის სკოლაში დაიწყო.
,,ხომ იცით ბავშვის ბუნება?. სწორედ ხიდზე მოუნდებათ ხოლმე სირბილი და ხტუნაობა.
,,უფროსს ვუთხარი შენი წყლის ამბავი, მაგრამ ესე მითხრა – წელს ვერ მოესწრებაო
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბატიური – ერთი ადამიანი ბესტავაანთ სოფელში
თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში
გვერძინეთი (PHOTO/VIDEO)
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი; აჭარული და ოსური ყოფა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.