დედამიწაზე არაერთი ვირუსია, რომელსაც ადამიანის დაინფიცირება შეუძლია. მათ შორისაა Morbillivirus hominis-იც, რომელსაც ჩვენი უმეტესობა წითელას ვირუსის სახელით იცნობს. იგი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, მოწითალო გამონაყარს იწვევს და ყველაზე ხშირად ბავშვებს აავადებს, თუმცა დიდებშიც გვხვდება.
ამ ვირუსის შესახებ, ალბათ, ყველა ჩვენგანს სმენია და ის ზოგს გადაუტანია კიდეც, თუმცა არის რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდეთ. აი, 5 მათგანი:
1. წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ინფექციაა
წითელას ვირუსის ნაწილაკები ორგანიზმიდან ჰაერში მაშინ გამოიყოფა, როცა ინფიცირებული ადამიანი საუბრობს, აცემინებს ან ახველებს. ასეთი ნაწილაკები გარემოში, მაგალითად, სხვადასხვა ზედაპირზე, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ნარჩუნდება. თუკი ამ დროში მასთან შეხება 10 არავაქცინირებულ პირს ექნება, წითელას 9 მათგანის დაინფიცირება შეუძლია. ეს ვირუსისთვის გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
2. წითელას ვაქცინა ძალიან ეფექტიანია
წითელასგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება ვაქცინაციაა. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა 1960-იან წლებში შეიქმნა, რამაც საზოგადოების ჯანდაცვა საგრძნობლად გააუმჯობესა. როცა ადამიანს ორი ინიექცია უკეთდება, დაახლოებით 97%-იან დაცვას ვიღებთ, რამაც წლების განმავლობაში წითელას შემთხვევები და ამით გამოწვეული სიკვდილიანობა ძალზე შეამცირა.
საქართველოში წითელას კომბინირებული ვაქცინაცია 1 და 5 წლის ბავშვებს უტარდებათ. ამის მიუხედავად, თუ მეორე დოზა გამოტოვებულია, მისი გაკეთება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.
3. წითელას ვირუსის ინკუბაციური პერიოდი 10-14 დღეა
როგორც უკვე ვახსენეთ, წითელას ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. როცა იგი ჩვენს ორგანიზმში აღწევს, მაშინვე შეტევაზე არ გადადის, არამედ მცირე ხნით თავს არ ავლენს. ამას ინკუბაციური პერიოდი ეწოდება და 10-14 დღე გრძელდება.სიმპტომები მხოლოდ ინკუბაციური პერიოდის შემდეგ იჩენს თავს, მაგრამ ინფიცირებული ადამიანი გამონაყარის გაჩენამდე 4 დღით ადრე უკვე გადამდებია.
ასევე, საინტერესოა, რომ ზოგჯერ ვირუსი პასიური 20-21 დღის განმავლობაშიცაა. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა სხეულში მოხვედრილი პათოგენური ნაწილაკების რაოდენობა მცირეა ან ისინი სწრაფად ვერ ვრცელდება. ინკუბაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმუნურ სისტემასა და ჯანმრთელობაზეც.
4. შესაძლოა, წითელამ სერიოზული გართულებები გამოიწვიოს
წითელა ბევრი ჩვენგანისთვის უწყინარ გამონაყართან ასოცირდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მას გართულებებიც ახლავს თან. ეს ყველაზე მეტად 5 წელზე ნაკლები და 20 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში, ასევე სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებშია მოსალოდნელი.
გართულებებს შორისაა ყურის ინფექცია (სმენის დროებით ან სამუდამოდ დაკარგვის რისკით), პნევმონია. ენცეფალიტი, დიარეა, დეჰიდრატაცია და სხვა, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში წითელათი დაინფიცირება ფატალურადაც სრულდება, ამიტომ საგანგაშო სიმპტომები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.
5. წითელას გამონაყარი იმ თანმიმდევრობით ქრება, როგორც გაჩნდა
წითელას ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი ახასიათებს,რომელიც ჯერ თავის, შუბლის, ცხვირისა და ლოყების არეში ჩნდება. შემდეგ ის სხეულის ქვედა ნაწილში ვრცელდება: ზურგზე, გულ-მკერდზე, მუცელსა და ხელებზე, ბოლოს კი — ფეხებსა და ტერფებზე.
რამდენიმე დღეში გამონაყარი გაქრობას იწყებს, მაგრამ ეს ქვემოდან ზემო მიმართულებით არ ხდება, არამედ პირვანდელ თანმიმდევრობას მიჰყვება. ის ჯერ თავისა და სახის არეში ფერმკრთალდება, ხოლო შემდეგ ტანსა და ფეხებზე. ამის მიზეზი იმუნური სისტემაა, რომელიც ორგანიზმიდან ვირუსის განდევნას იმ არეალიდან იწყებს, სადაც სიმპტომებმა პირველად იჩინა თავი და იმუნიტეტის თავდაცვა გააქტიურა.

,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე


ეს არის ქართული ვებგვერდი, რომელიც აძლევს საშუალებას ევაკუატორის მფლობელებს დაამატონ საკუთარი ევაკუატორები და


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები