გორში მძღოლების ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას უარყოფითად აფასებს. სამინისტრო ითხოვს, რომ 2016 წლიდან საქართველოში მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალოს.
შსს-ს პროექტი მთავრობამ მოიწონა, ამ ეტაპზე მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად ელოდებიან.
„რატომ უნდა აიკრძალოს? ერთ თვეში რომ ისწავლის ტარებას და პრავას რომ აიღებს, ეგეთი ადამიანი გინდა მარჯვენა საჭიან მანქანაზე დაჯდეს, გინდა მარცხენა საჭიანზე, ის მაინც დააშავებს. ეს მანქანები კი ძველ და დაჟანგულ გერმანულ მანქანებს ბევრად ჯობია, ახალია და თანაც კომფორტული. აი, რატომ არ უნდა აიკრძალოს.“ ამბობს გიორგი ომიაძე.
„მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვა ბევრ რამეში შეგვიშლის ხელს, მათ შორს ოჯახის რჩენაშიც.ჩემი ოჯახს მანქანით ვარჩენ,ვტაქსაობ. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობას ოჯახები არჩინოს.“ - ამბობს მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელი რამაზ გამგებელი.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების დარეგისტრირების წინააღმდეგები მანქანების იმპორტიორ კომპანიების წარმომადგნლებიც არიან.
,,კავკასუს ავტო იმპორტის“ წარმომადგენელი გორში გაიოზ ბუზალაძე ამბობს, რომ ავტომობილების აკრძალვა იმპორტს შეამცირებს, რაც წლიურ ბრუნვაზე აისახება და, შესაბამისად, კომპანია იძულებული გახდება შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობაც.
„დიდი კომპანია ვართ, კომპანიაში ამჟამად ყველაფერი კარგად მიდის, როგორც საჭიროა. ყველაფერი ისე გვაქვს დალაგებული, თანამშრომლებიც ბევრი გვყვავს დასაქმებული. თუ მთავრობის ახალი ინიციატივა მალე განხორციელდება, რა თქმა უნდა, მუშაობას ვეღარ შევძლებთ.“ - გვითხრა გაიოზ ბუზალაძემ.
იმის გამო, რომ კანონპროექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცამ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში ამბობენ, რომ პროექტი ჯერ არ შეუსწავლიათ.
კომპანია „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ წარმომადგენელი ვასო ურშაძე ამბობს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვას ფართომასშტაბიანი აქციებით გააპროტესტებენ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.
მთავრობის ახალი ინიციატივით უკმაყოფილო მოქალაქეებმა სხვადასხვა ქალაქში უკვე გამართეს აქციები.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები