2015 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს 9 დიდ ქალაქში საინფორმაციო კამპანია გამართა.
ღონისძიებები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, გორში, ახალქალაქში, თელავსა და მარნეულში ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.
კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების მიზნით, მოსახლეობას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ესაუბრნენ, განუმარტეს სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლი და ფუნქციები, დაურიგეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები, ფლაერები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები.
„მიმდინარე წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ამოქმედდა ადამიანის უფლებათა აკადემია, ჩატარდა ტრენინგები ფოკუს–ჯგუფებთან, მოვამზადეთ საინფორმაციო ხასიათის რეკლამები, ვაქვეყნებთ ყოველთვიურ საინფორმაციო ბიულეტენს და ინტენსიურად ვავრცელებთ ოფისის საქმიანობის ამსახველ პრესრელიზებს. ყველა ამ ძალისხმევას ერთი მიზანი აქვს, გაიზარდოს საზოგადოების ინტერესი და ამაღლდეს სამოქალაქო ცნობიერება ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. დღევანდელი ჩვენი საინფორმაციო კამპანიაც ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს ქუთაისში ყოფნისას.
გორში გამართულ ღონისძიებას სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელი ნინო დალაქიშვილი უძღვებოდა. საინფორმაციო კამპანიას ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე და ქალაქის ცენტრში მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებიც შეურთდნენ.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები