რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
პანდემიაში გაჭირვებასთან მებრძოლი ხანდაზმული ქალები
ზუსტად იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სხვისი მზრუნველობა, ზოგი მათგანი მარტოხელაა, ზოგს ოჯახი შორს ჰყავს, ზოგიერთი კი იქით უვლის ოჯახს. ისინი ხანდაზმული ქალები არიან შიდა ქართლიდან, რომლებიც პანდემიის პირობებში ყოველდღე იბრძვიან არსებობისთვის და ზოგჯერ უსახსროდ დარჩენილი დიდი ოჯახების ერთადერთი საყრდენიც თვითონ არიან.

89 წლის ნუნუ ცაბაძემ სოფელ საცხურიდან, იცის შეზღუდვების შესახებ. ის ქარელის რაიონში მარტო ცხოვრობს. ყოველთვის თვალს ადევნებს ახალ ამბებს. სწორედ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის გამო, თითქმის ერთი წელია შვილები არ უნახავს. პასუხი იცის, მაგრამ, იქნებ რამე გამომრჩაო, მაინც გვეკითხება, - ,,ხომ არ გაიხსნა ტრანსპორტი, რო მუშაობდეს?"

,,მარტო ვცხოვრობ. ორი გოგო მყავს, გათხოვილები არიან. თავიანთი ოჯახები აქვთ. ქუთაისში არიან და გზა რო არ არის, ვერ ჩამოსულან მგონი წელიწადია. წამალი თუ მჭირდება, სხვას ვაბარებ და მომიტანენ ხოლმე აფთიაქიდან. შეშას მე ვყიდულობ და მეზობლები მიჭრიან. მე ვაცხობ ჩემთვის. ამისი უნარი მაქვს ჯერ-ჯერობით.

თავბრუ მეხვევა ხოლმე და ვერ ვიგებ, რომელი წამალი უნდა დავლიო. აპარატი კი მაქვს, მაგრამ მე ვეღარ ვხედავ. ვეღარ ვკითხულობ. ციფრებს ვეღარ ვარჩევ. ჩვენ მაღაზია არ გვაქვს. ხაშურიდან მოგვაქვს საჭმელი. ვიღაცა წავა, დავაბარებ და მომიტანს. აქ მაღაზია იყო, მაგრამ გაყიდა პატრონმა და წავიდა სადღაცა. სიარული არ შემიძლია. მინდობილობა მაქვს მძახალზე გაკეთებული. ის იღებს ჩემს პენსიას და მოაქვს"

გვიყვება ნუნუ და იხსენებს, რომ 15 წელი ავადმყოფ მეუღლეს უვლიდა.

,,წამალი და საჭმელი მე მომქონდა, მაგრამ აი, აქ, ტრასა როა თქვენ საიდანაც მოხვედით. მანდ 9 წელია, არ გამივლია. რაც ჩემი ქმარი დაიღუპა, ვერ დავდივარ, ფეხები მტკივა, მუხლები, წელი. ჯაფის ქალი ვიყავი ხოლმე ძალიან,"" - ამბობს ნუნუ ცაბაძე.



,,ადრეც მიჭირდა. რაც პანდემია დაიწყო, უფრო გამიჭირდა" - გვითხრა აბისელმა კაროჟნა ლურსმანაშვილმა.

73 წლის კაროჟნა ლურსმანაშვილი ხელმოკლე ცხოვრება პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა.

,,ვეღარ დავდივარ. თუ გინდათ, საცინად ამიგდეთ. გოგომ იცის ხოლმე, გზაზე ნელა გადადიო. ახლა ყურსაც კი მაკლია ცოტა. მიჭირს, მაგრამ ვის მივმართო? შვილსა თავისი ცოლ-შვილი ჰყავს. 500 ლარი დამიჯდა შეშა. კიდე უნდა მოვატანინო, არ მეყოფა. სოციალური დახმარება ბოლოს შარშანწინ მოვითხოვე და ფორმა 100 მოითხოვეს. გავგზავნე საბუთი თბილისში და პასუხი არ მომივიდა. 23 წლის ვიყავი, ქმარმა რო თავი დამანება. მერე წავედი სურამში. წავიყვანე ბავშვები სამშობლოში. ფეხმძიმე დამტოვა ქმარმა. დედამთილმა ამირია ოჯახი. ჰოდა ვიყავი იქა. იქ გავზარდე ეს ბავშვები. 3 წლისა გოგო იყო, ქმარი რო მომიკვდა, 9 თვისა - ბიჭი. ,,სტეკლიანშიც"" (მინის ქარხანა დაბა სურამში, რომელიც 1998 გაჩერდა. რედაქციის შენიშვნა) ვმუშაობდი, ვაგონებსა ვტვირთავდი რო შვილები დამეზარდა. 24 წელიწადი სურამში, ქარხანაში ვიმუშავე. შუშის ქარხანაში. მერე ავიღე ბინა. 1000 მანეთი მივეცი. ამ ბინას 6 წელიწადი მოვუნდი. მერე იქ ბიჭი დავტოვე და წამოვედი. მე აქა ვცხოვრობ. ისინი იქ დავტოვე. მე აქ ვარ ჩაწერილი. პურსაც ვყიდდი, ხაჭაპურსაც ვყიდდი ხაშურში. სურამიდან რო მოვდიოდი ხაშურში ჩამომქონდა ფეხითა.''

,,აგერ მაღაზიაში ვალი მაქვს, აგერ იმ მაღაზიაშიც ვალი მაქვს. რა ვქნა აბა? რო მინდა? პანდემია რაც დაიწყო, უფრო გამიჭირდა. ადრეც მიჭირდა. ფეხსაცმელსა ვერა ვყიდულობ. ნახეთ, სულ შალები მაქვს შემოკოჭილი. თირკმელები მტკივა. ბოდიში, ლოგინის პირებიც არ მაქ წესიერათა. არა მყოფნის პენსია." - გვეუბნება კაროჟნა და თავის ფეხსაცმელს გვიჩვენებს.



ხაშურის უფასო სასადილოს ბენეფიციარია 61 წლის სონია ბეკოშვილი. ის ყოველდღე ფეხით მიდის სასადილოში და ფეხით ბრუნდება. მისი სახლიდან სასადილომდე 40 წუთის გზაა, მაგრამ ძალას და ენერგიას შვილიშვილებზე ფიქრი აძლევს. მისი სახლი კი, სულაც არ არის მისი სახლი. ის, ოჯახთან ერთად, მარტოხელა ნათესავმა შეიფარა.

,,მთელი ჩემი ცხოვრება სულ ვწვალობ. ვბარავ, ვთოხნი. ქუჩასაც ვგვი 200 ლარზე. დილით გავდივარ, ვგვი, მოვდივარ. ნახირშიც დავდიოდი. ამით ვარჩენ ოჯახს. სოციალურიც გვაქვს, მაგრამ ის რას გვეყოფა. ამ წუთშიც ბავშვი ავად გვყავს. საყლაპავი მილის არტერია ჰქონდა გაწყვეტილი, როცა დაიბადა. გაცივდება თუ არა, ბრონხების პრობლემები ეწყება. რაც საშუალება მაქვს, ყველაფერს გავაკეთებ. ყველაფერს მოვიკლებ და ბავშვებს მოვუტან. ჯართზე დავდივარ, სურამულაში. ჩემს სიძესთან ერთად წავალ ხოლმე. ხან სპილენძს ვიპოვი, ხან ალუმინს ვიპოვი. შევაკოწიწებ და ფულია ესეც. სასადილოში ყოველდღე მივდივარ ფეხით და მოვდივარ ფეხით. კი, შეიძლება იმ წუთში მქონდეს ის 50 კაპიკი ჯიბეზე, მაგრამ იმითი ისევ ბავშვებს ვუყიდი რაღაცას. ხელს არ გავიწვდი. არც მოვიპარავ, არც მოვითხოვ. მომიტანენ? ავიღებ. არ მომიტანენ და ვიქნები ის," - ამბობს სონია ბეკოშვილი და საკუთარ წარსულსაც იხსენებს:

,,ოსური ოჯახი მქონდა. ვცხოვრობდი ხაშურში. არეულობის დროს დამიწვეს სახლი. არაფორმალები შემოვიდოდნენ ხოლმე და მეუბნებოდნენ, ქართველი ხარ და ოსებს რატო ზრდიო. ვეუბნებოდი, შვილები რატო გადავყარო-მეთქი? დავზარდე და ეხლა თქვენ დაგახოცინოთ-მეთქი? გვეშინოდა. ქმარსაც ებრძოდნენ, დედამთილსაც ებრძოდნენ, მამამთილსაც. სულ იარაღის ქვეშ ვიყავით. წავედით მერე ორჯონიკიძეში. ჩემი შვილების გულისთვის გავყევი. არ იყო ჩემი მეუღლე ისეთი, რომ იქ მაინც მომქცეოდა კარგად. იქით უფრო მამცირებდა და წამოვედი მერე, ორ შვილთან ერთად. ბიჭები მამასთან დარჩნენ. ერთი მირეკავს ხოლმე. მეორე დამეღუპა 2008 წელს. ყასაბი იყო და ხარი დასჯახებია და სულ აუხევია. ვერ წავედი. მაგ დროს რუსის ჯარი იდგა ჩვენთან. ჩემი წვალებითა და მთავრობის დახმარებით ჩავდგი ორი ოთახი. გაჭირვების გამო ჩავდე ბანკში მინდოდა ამ ფულით მევაჭრა და სულ დავკარგე. ვეღარ გადავიხადე. ხან სად ვიყავი ქირით, ხან სად. ბოლოს ახლობელმა შემოგვიკედლა. ვეცოდებოდით. თვითონაც მარტო ცხოვრობს და ვართ ასე. ესეც ავადმყოფი კაცია. ეპილეფსია აქვს. ამ სახლსაც ყიდის. ""- გვიყვება სონია.

სონიას განსაკუთრებით პროდუქტების გაძვირება აწუხებს.

,,ფასებმა ძალიან მოიმატა. შაქარი მომატებულია. ზეთი მომატებულია. ერთი თავი კომბოსტოთი ერთხელ გავაკეთებთ ბორშს და მეორე დღეს აღარაფერი. ,,მალაკოში"  მაგალითად 2 ლარს ვაძლევდი, ახლა 3 ლარამდეა. გვეშინია პანდემიისა. გაიხედავ ყველა იხოცება ახალგაზრდა თუ ბებერი." - ამბობს სონია ბეკოშვილი.



Qartli.ge დაინტერესდა, როგორია შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში უფასო სასადილოების დაფინანსება და მუშაობის წესი პანდემიის პირობებში. აღმოჩნდა, რომ გორის მუნიციპალიტეტს მერიის მიერ დაფინანსებული უფასო სასადილო არ აქვს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების უფასო სასადილოები რეკომენდაციების შესაბამისად მუშაობენ. ისინი ბენეფიციარებს საკვებს სახლში ატანენ და ადგილზე გამოკვების უფლება აღარ აქვთ.

უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა და ბიუჯეტი ასე გამოიყურება:

ხაშურის უფასო სასადილოს 185 ბენეფიციარი ჰყავს, მისი ბიუჯეტი კი წელიწადში 114 792.50 ლარია. ერთი ბენეფიციარზე სასადილო დღეში 1.70 თეთრს ხარჯავს.

80 ბენეფიციარი ჰყავს კასპის უფასო სასადილოს, რომლის დაფინანსებაც წელიწადში 97. 700 ლარია, ერთი ბენეფიციარის მომსახურება კი აქ დღეში 2.95 თეთრი ჯდება.

ქარელის სასადილოთი, რომლის ბიუჯეტიც 68, 788 ლარია, 90 ადამიანი სარგებლობს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.