კალენდარი
ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი პანდემიის პირისპირ
ფოტოზე: ქალაქი ცხინვალ

ცხინვალში ყველა დაწესებულების კართან გაკრულია განცხადება, რომ შესვლა მხოლოდ პირბადით შეიძლება, თუმცა ამ წესს ცოტა თუ იცავს. ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი, თემურ ცხურბათი გვეუბნება, რომ ქუჩაში თითქმის ყველა უნიღბოდ დადის.

,,სინამდვილეში ქალაქში რომ გამოხვიდე, ყოველ ოც კაცში, შეიძლება მხოლოდ ერთს ეკეთოს. არ ატარებენ ნიღბებს. რუსულად აწერია ყველა მაღაზიას - ,,შემოსვლა მხოლოდ ნიღბით შეიძლებაო", მაგრამ არავინ იცავს მაგ წესს." - ამბობს თემური.

ცხინვალსა და ახალგორში მცხოვრები ჩვენი რესპონდენტები გვიყვებიან, რომ ხალხში პანიკა აღარაა და პირბადეების ტარების მაჩვენებელიც სავარაუდოდ ამიტომ შემცირდა.

,,სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის. ეს შემიძლია ვთქვა, როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა და ექსპერტმა. დაავადებულთა რაოდენობა მცირდება," - აღნიშნავს თემურ ცხურბათი.

ფოტოზე: ჟანგბადის ბალონები ცხინვალის საავადმყოფოში

ცხინვალის მოსახლეობაზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ ახალგორის რაიონში მცხოვრებლები.

,,ბოლო დღეებში ჩვენს რაიონში ცოტა მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა. რამდენიმე დღის წინ 15 შემთხვევა დაფიქსირდა, სამწუხაროდ. ისე ხალხის ბრალიც ბევრია, იმიტომ, რომ დიდი ნაწილი წესებს სამწუხაროდ არ იცავს, პირბადეებს არ ატარებენ, არ იცავენ დისტანციას. სერიოზულად არ უყურებენ ამ პრობლემას. იგივე ხდება ასევე დანარჩენ სამხრეთ ოსეთშიც. მაგრამ საბედნიეროდ ისეთებიც არიან, ვინც წესებს იცავს და სერიოზულად უყურებენ ამ პრობლემას." - ამბობს ჩვენი რესპონდენტი ახალგორის რაიონიდან, რომელიც ეთნიკურად ოსია და რომლის ვინაობასაც ქარტლი.გე კონფიდენციალურად ტოვებს.


ფოტოზე: ახალგორის ცენტრი, ქსნის ერისთავების ბარელიეფი

,,ოჯახის წევრები და ნათესავები სულ დაყოფილნი ვართ ორივე მხარეს და ერთმანეთი ძალიან გვენატრება ყველას. ყველას სხვადასხვა საქმეებზე უნდა მიმოსვლა, და ვერ მიდი მოდიან. ქვევით (მცხეთის რაიონი - რედ) ყველაფერი იაფია, და სულ იქ დავდიოდით საყიდლებზე, სხვადასხვა "ტავარი" ბევრი შემოჰქონდათ ხოლმე ბიზნესმენებს,"" - იხსენებს ის და აღნიშნავს, რომ გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ დააზარალა ახალგორის რაიონის ყველა მოსახლე.

,,მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა კი დაკეტილი გზა არის, თითქმის უკვე წელიწადნახევარია. აი, ამის გამო ძალიან შეწუხდა ხალხის უმეტესი ნაწილი. ასევე მედიცინაც ცუდადაა აქ განვითარებული. ხალხი ქვევით მიდიოდა ხოლმე სამკურნალოდ, ეხლა ვერ დადიან. რაც გზა დაკეტილია, ალბათ 30-ზე მეტი ადამიანი მოკვდა ჩვენს რაიონში, იმიტომ რომ სამკურნალოდ ვერ წავიდა," - ამბობს ახალგორის რაიონის მცხოვრები.

ფოტოზე: ცხინვალის ავტოსადგური

მისი თქმით, ბოლო პერიოდში, ახალგორის რაიონიდან რამდენიმე ადამიანი სამკურნალოდ გაუშვეს თბილისში, თუმცა ამას ძალიან დიდი ბიუროკრატიული წინააღმდეგობა შეხვდა.

,,ახლა ხანდახან უშვებენ ხოლმე, მაგრამ ისიც დიდი სიძნელეებით, რაღაც ხელმოწერები და საბუთებზე მუშაობა ხდება ხოლმე. მაგრამ ამ ყველაფრის მოლოდინში ადამიანის ჯანმრთელობაც უარესდება. მოკლედ ძალიან შეწუხებულნი ვართ."

ჩვენს კითხვაზე, ტესტირებისთვის საჭირო აპარატურა, ან სპეციალური სივრცეები თუა ახალგორში, სადაც ინფიცირებულებს მოათავსებენ, გვპასუხობს, - "ეს ზუსტად არ ვიცი, აქვთ თუ არა აპარატურა. მაგრამ მოსათავსებელი ადგილები აქვთ ცენტრალურ საავადმყოფოში."

ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც იმის გამო გარდაიცვალა, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო, 40-მდე გაიზარდა.

ფოტოზე: ცხინვალის საავადმყოფო

,,გუშინ ღამით თბილისში გადაიყვანეს ქართული სკოლის მასწავლებელი ზამირა ჩოჩიევა. გზა უმოკლეს დროში გაიხსნა, თუმცა სტრესმა, დარდმა სხვადასხვა მხარეს გაყოფილ ოჯახზე, ადგილზე უხარისხო მედიცინამ, რის გამოც ვერ ვიტარებთ გამოკვლევებს, გეგმიურ მკურნალობას, თავისი ქნა. დღეს გარდაიცვალა. ერთი შეხედვით ჯან-ღონით სავსე ქალი დაკარგა ოჯახმა, დააკლდება სკოლას, რაიონს. გზა უნდა გაიხსნას პირობების გარეშე - ვიხოცებით, სხვანაირად როგორ მოგმართოთ?" - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა 7 თებერვალს.

უფრო, ადრე სოფელ მოსაბრუნში (რაზდახანი - ოსური სახელწოდება) ხელოსანი ბესიკ კორბესოვი დაიღუპა. ის ახალგორელებისთვის ღუმელებს აკეთებდა, ამიტომ მისი ხელი ბევრ ოჯახს დააკლდა. როგორც ახალგორელები ამბობენ, მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი შესაბამისი პროფილის საავადმყოფოში, თბილისში, იმკურნალებდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 5 მაისს დადასტურდა. პირველი შემთხვევები იმ კურსანტებს შორის დადასტურდა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან ცხინვალში დაბრუნდნენ.

კურსანტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სწავლობდნენ. იმის გამო, რომ პანდემიამ მასშტაბური სახე მიიღო, განსაკუთრებით სამხედრო ძალებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აკადემიის კურსანტებს სახლში დაბრუნების საშუალება მისცა.

როგორც თემურ ცხურბათი იხსენებს, პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, მოსახლეობაში პანიკა იყო. ეს პანიკა შედარებით მას შემდეგ დაცხრა, რაც ქალაქის სტადიონზე სამხედრო კარავი დადგეს. ცხინვალში რუსი სამხედროების მიერ გახსნილ საველე ჰოსპიტალს ადგილობრივი მოსახლეობა დადებითად შეხვდა.

თუმცა, ამ ჰოსპიტალით რამდენად ისარგებლეს ცხინვალს გარეთ მცხოვრებმა ადამიანებმა, ამის ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. ამჟამად, საველე ჰოსპიტალი უკვე აღებულია.

,,იყო რუსული საველე ჰოსპიტალი და წავიდა, უკვე სადღაც ერთ თვეზე მეტია, რაც აღარ არის. ის გვეხმარებოდა, იქ იყო ბევრი ავადმყოფი. ისინი გაუმკლავდნენ ეპიდემიას და წავიდნენ მერე, ახლა ჩვენი ექიმები უმკლავდებიან. ახლა აქ დიდი სამედიცინო კორპუსებია, ყველანაირი ფორმა, სამკურნალო კომპლექსია აშენებული, მედიცინის სფეროში ახალი მინისტრია და ისინი უმკლავდებიან. საერთო ჯამში მედიცინის მხრივ პრობლემა არ არის, რამდენადაც მე ვიცი." - ამბობს თემურ ცხურბათი.

26 თებერვლის მონაცემებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კორონავირუსით ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 3025-ია, გამოჯანმრთელდა - 2137 პაციენტი. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამჟამად 888 პაციენტი იმყოფება.

ეს მონაცემები დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. მათში არ შედის გარდაცვლილთა სტატისტიკა.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევების პირველი ტალღა, სწორედ, კურსანტების დაბრუნების პერიოდს ემთხვევა. მაისიდან როკის გვირაბი დაიკეტა და ცხინვალში, რუსეთის ტერიტორიიდან შესვლა აიკრძალა. შესაბამისად, პირველი ტალღა ჩაცხრა, თუმცა იმ დრომდე, ვიდრე რუსეთის ფედერაციის საზღვარი გაიხსნებოდა.

2020 წლის 15 სექტემბერს, რუსეთის საზღვარი გაიხსნა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბრუნება დაიწყეს არა მარტო სამხედრო პირებმა და კურსანტებმა, არამედ მოქალაქეებმა. კოვიდის მეორე ტალღა დე-ფაქტო რესპუბლიკაში სწორედ ამ დროს დაიწყო.

ცხრილში ჩანს, რომ მეორე ტალღა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ისედაც იზოლირებული დე-ფაქტო რესპუბლიკისთვის, რომლის ოთხივე რეგიონშიც, ცხინვალი, ჯავა, ზნაური და ახალგორი, რუსეთთან საზღვრის გახსნამდე, საკვების დეფიციტი შეიქმნა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურაში ჩასახლებულ დევნილებს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურაში ჩასახლებულ დევნილებს
12:20 / 23.10.2021
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
12:09 / 23.10.2021
მაგალითად, სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ XVIII საუკუნის 90-იან
წლებში,
მაგალითად, სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ XVIII საუკუნის 90-იან წლებში,
23:29 / 22.10.2021
,,ჩვენთან სკოლის ერთ მხარეს მზე ურტყავს, ისე ცხელოდა ამ დრომდე
შენობაში, რომ
,,ჩვენთან სკოლის ერთ მხარეს მზე ურტყავს, ისე ცხელოდა ამ დრომდე შენობაში, რომ
18:03 / 22.10.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან:
13:00 / 22.10.2021
ვიდეორეპორტაჟი
თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში
1990 წლამდე მათი ცხოვრება ერთი შეხედვით ბედნიერად გრძელდებოდა, ჰქონდათ სამუშაო
აღმოჩნდა სამარხის ნაშთი, რაზეც ნაწილობრივ გაწმენდილი თიხის ჭურჭლის სპეციფიური,
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი; აჭარული და ოსური ყოფა;
გასული თვის პოპულარული სიახლეები
სოფელი კლდუ – ,,ვინც აქ წყალი დალია, აღარავინ წასულა“
კლდუში ამჟამად მუდმივად 10-მდე ოჯახი ცხოვრობს. თითოეული ოჯახი სხვადასხვა უბანშია
,,სადაც ყველა, იქაც მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
,,სადაც სოფელი, იქაც - მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.