რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დნმ-ის კვალი ,,VTB ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებულის კვალს არ დაემთხვა
,,ვითიბი ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ზაქარია აბუაშვილის ,,დნმ"-ის კვალი გამოძიების მიერ ნიმუშად მოპოვებულ ნივთიერებებს არ დაემთხვა. ქიმიური, დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზის პასუხები ბრალდებულის სასარგებლოდ დაიდო. საქმეში პოლიცია ამჯერად, მხოლოდ, ბანკის თანამშრომლის ჩვენებას და უცნობი ძაღლის ყნოსვასღა ეყრდნობა.

,,ვითიბი ბანკის" გორის ფილიალის დაყაჩაღება 2015 წლის 25 აგვისტოს საღამოს 17:35 წუთზე მოხდა. დამყაჩაღებელი, რომელმაც მოლარე ოპერატორს მაკა აღდგომელაშვილს თანხა მოსთხოვა, კეპკა ეხურა, ხოლო პირზე სამედიცინო ბადე ჰქონდა აფარებული. მოლარე-ოპერატორის დაშინებისა და უჯრიდან თანხის ამოღების შემდეგ უცნობი პიროვნება ჯდება ტაქსიში, შემდეგ ქალაქის ტერიტორიაზე იცვლის ტაქსის მძღოლს და მიმართულებას, რამდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ ტოვებს მანქანას და უჩინარდება. 25 აგვისტოდან 4 ოქტომბრამდე პოლიცია მას ვერ პოულობს.

პიროვნებას, რომელმაც პოლიციამ 2 თვე ვერ მიაგნო, მოულოდნელად მოლარე-ოპერატორი ბაზარში ,,ამოიცნობს".

კერძოდ, 2015 წლის 4 ოქტომბერს მაკა აღდგომელაშვილი ურეკავს თავის მეუღლეს, ყოფილ სამხედრო პოლიციელს და ეუბნება, რომ მისი დამყაჩაღებელი ბაზარში შეხვდა და იცნო. ყოფილი სამხედრო პოლიციელი, საგამოძიებო მასალების მიხედვით, უკავშირდება მეგობარ მოქმედ პოლიციელს, ხოლო სასწრაფო პატაკის შემდეგ იწყება საგამოძიებო მოქმედებები. ზაქარია აბუაშვილს პოლიციაში იბარებენ.

ზაქარია აბუაშვილის დაკითხვამდე, პოლიციის თანამშრომლები იღებენ სინჯებს, ანაბეჭდებს, ტანსაცმლიდან ქიმიურ ნივთიერებებს, ხოლო 2 საათისა და 30 წუთის გასვლის შემდეგ, ჰკითხავენ მოწმის სტატუსით. მტკიცებულებების მოკვლევის პერიოდში კანონით მინიჭებული უფლება, დამცველის ყოლის საშუალება არ მისცეს.


ექსპერტიზა


სინჯების აღებიდან ერთი თვის შემდეგ, ქიმიური, დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ანალიზის პასუხებით ცნობილი ხდება, რომ ბანკის უჯრასთან, ასევე პირველ და მეორე ტაქსის მანქანიდან აღებული სინჯები დაკავებულ ზაქარია აბუაშვილის კვალს არ დაემთხვა - არც ტანსაცმლის კვალი და არც ხელის ანაბეჭდები. სხვათა შორის, სალარო უჯრასთან და ტაქსის მანქანებიდან აღებული სინჯები ერთმანეთის იდენტურია, ხოლო ზაქარია აბუაშვილის დნმ-ის მონაცემები - მათგან განსხვავებული.

ამის გამო, ზაქარია აბუაშვილის ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ გორის რაიონულ სასამართლოს მოსთხოვა, რომ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო, რაც მოსამართლე შალვა კაკაურიძემ არ დააკმაყოფილა.

ნოდარ ცინცაძე ირწმუნება, რომ საგამოძიები ორგანოებმა ყველა ფარული და ღია საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, დაკითხეს მოწმეები, ჩაატარეს ექსპერტიზები და, ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ უდანაშაულო პირი გათავისუფლდეს. პროკურატურა კი გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს.

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ია მეფარიშვილი აცხადებს, რომ გამოძიება სისტემატიურად ყოველდღიურად მიმდინარეობს და საჭიროა ბრალდებულის პატიმრობა, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას.


სატელეფონო ზარები


პროკურორმა იმ სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლითაც იგი ამტკიცებს, რომ ზაქარია აბუაშვილი 2015 წლის 25 აგვისტოს 16:55 წუთიდან ქალაქის ცენტრში, ვითიბი ბანკთან და გორის თეატრთან დამონტაჟებულ მაგთის ანძასთან იმყოფებოდა. შესული და გასული ზარები (ასევე მესიჯები), მაგთიკომიდან გაცემული ცნობის მიხედვით, გორის თეატრის შენობაზე დამონტაჟებულმა ანძამ დააფიქსირა.


,,ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებული ზაქარია აბუაშვილი იმყოფებოდა, არა თუ სამხედრო ნაწილში, მე-5 ბრიგადაში, რომელიც წმინდაწყლის ტერიტორიაზე მდებარეობს, არამედ ქალაქის ცენტრში, სადაც სწორედ ვითიბი ბანკი მდებარეობს" - აცხადებს ია მეფარიშვილი, პროკურორი.

პროკურატურის მონაცემებით, იმ დროს, როდესაც მთელი შიდა ქართლის პოლიცია ქალაქის ცენტრში, ქალაქის გარეთ, ფეხით თუ მანქანით, პირბადიან დამყაჩაღებელს ეძებდა, ზაქარია აბუაშვილი ,,თიბისი" ბანკთან, სტალინის ქუჩაზე, ბანკომატების საშუალებით ფულს რიცხავდა. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ ვალები სამხედრო მოსამსახურემ ბანკიდან გატაცებული თანხით დაფარა.

ბანკის შენობაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა არ აფიქსირებს იმ სატელეფონო საუბარს, რომელიც ზაქარია აბუაშვილის ტელეფონზე 16:49 და 16:53 წთ-ზე განხორციელდა.

აღნიშნული ზარები ზაქარია აბუაშვილის ტელეფონზე ონლაინ-საფინანსო ორგანიზაციებიდან და მეუღლის ტელეფონიდან შევიდა. პირველ და მეორე ზარზე პასუხია გაცემული. ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ სათვალთვალო კამერის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთში ბანკის შენობაში მყოფი პირბადიანი ,,მოქალაქე" ტელეფონზე არ საუბრობს.

,,ეს რომ ზაქარია აბუაშვილი ყოფილიყო, კადრებში აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო სატელეფონო კონტაქტი, რაც არ ჩანს. ეს კი იმას ადასტურებს, რომ პირბადიანი დამყაჩაღებელი ზაქარია აბუაშვილი არ იყო" - აცხადებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

სატელეფონო საუბრებზე ყურადების გამახვილებამ პროკურორი ია მეფარიშვილი გააღიზიანა:

,,ბატონო ნოდარ, მაგ სატელეფონო ზარებზე რომ აპელირებთ, მაშინ გეტყვით, რომ სათვალთვალო კამერის ჩანაწერი იწყება 16:55 წუთიდან და თქვენს მიერ ნახსენები ზარები კი მანამდეა განხორციელებული. ან თქვე რა იცით, გამოძიებას რა მასალები აქვს? ჩატარებულია და კიდევ მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ამას მალე ნახავთ" - აცხადებს ია მეფარიშვილი.

,,სწორედ მაგაშია საქმე, რომ გამოძიებას არ აწყობს საქმეში 2 და 3 წუთით ადრე გადაღებული კადრები ჩადოს. ჩვენ გვაქვს ეს ჩანაწერი და საქმესაც დავურთეთ. იმ კადრებში, არ ჩანს, რომ ბრალდებული ტელეფონზე ლაპარაკობს. ამას ჰქვია, წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო, ისეა გამოძიების საქმე" - ამბობს ნოდარ ცინცაძე.

დაფარული ვალები

2015 წლის 25 აგვისტოს, 18 საათის, ანუ ყაჩაღობის შემდეგ, ქალაქის ცენტრში, თი-ბი-სი ბანკის გადახდის აპარატით, აწ ბრალდებულმა ზაქარია აბუაშვილმა ვალები დაფარა, სულ რაღაც 2359 ლარის ოდენობით.

ზუსტად იმ დროს, როდესაც ზაქარია აბუაშვილი ბანკომატთან იდგა, პოლიციის პიკაპები მოძრაობდა, ხოლო ქვეითი პოლიციელები ქალაქის ქუჩებში დარბოდნენ.

კერძოდ, ,,ვითიბის" დაყაჩაღებიდან 20 წუთის შემდეგ, 18:16 წთ-ზე აბუაშვილმა საფინანსო ორგანიზაცია ,,ნეტკრედიტის" ანგარიშზე ვალი 1350 ლარი ჩარიცხა; იმავე დროს ,,ვივუს.ჯი"-ს 650 ლარი დაფარა, ხოლო 18:45 წთ-ზე ,,ccloan"-ის კრედიტი 359 ლარი გადაიხადა. ჯამში - 2359 ლარი.

ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ წარმოადგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ზუსტად 2015 წლის 25 აგვისტოს სამხედრო მოსამსახურეებმა, მათ შორის, ზაქარია აბუაშვილმა, ხელფასი 1300 ლარის ოდენობით აიღეს.

ცინცაძე ამტკიცებს, რომ ზაქარია აბუაშვილმა სხვა სამხედრო მოსამსახურეების სესხებიც დაფარა, რომელიც მისი სახელით იყო ონლაინ-საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული.

,,გამოძიებას ვთხოვ, ის სამხედროებიც დაკითხონ, რომლებმაც ზაქარია აბუაშვილის სახელით სესხი აიღეს, ხოლო შემდეგ გადახდის დროს, აბუაშვილს ჩასარიცხად მისცეს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა სამხედროებში და ამ სასამართლო დარბაზში ამის შესახებ არაერთი პროცესი გამართულა. ამავე დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ხელფასიც ჰქონდა აღებული და იმით ფარავდა ვალს" - აცხადებს ნოდარ ცინცაძე.

სად არის ძაღლი, რომელმაც ორი თვის შემდეგ ყნოსვით ამოიცნო ბრალდებული?

,,პატივცემულო მოსამართლევ, მე ყურადღებას ვამახვილებ გამოძიების მაღალ სტანდარტზე. დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა არც სალარო უჯრასთან, არც ერთ ტაქსიში, მით უმეტეს, მოლარე-ოოპერატორი აცხადებს, რომ სწორედ ის მაისური ეცვა, რომელიც შემდგომ ქალაქში ნახა, მაშინ რატომ უნდა ვენდოთ ძაღლს, რომლის სახელიც არ ვიცით? არ ვიცით ისიც, რა ვითარებაში ჩაატარეს ამოცნობა? არ ვიცით ისიც, ჰქონდა თუ არა რაიმე დაავადება ძაღლს დაყაჩაღებიდან ბრალდებულის დაკავებამდე? ჩვენ რომ ალტერნატიული ექსპერტიზა მოვითხოვოთ, რომელ ძაღლზე ჩავატაროთ? და საერთოდ, რა უფრო მნიშვნელოვანია? - გენეტიკურ-ქიმიურ-დაქტილოსკოპიური ექპერტიზა თუ ძაღლის ყნოსვა?" - კითხულობს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

ადვოკატი ამბობს, რომ კრიმინალისტიკურ სამსახურებს რამდენიმე ძაღლი ჰყავთ, ხოლო მათ რაკი ლაპარაკი არ იციან, შესაბამისად, ალტერნატიული ექსპერტიზისთვის ვერ მიუთითებენ ძაღლის სახელსა და პასპორტის მონაცემებს.

თვით დაკავებული ზაქარია აბუაშვილი ამბობს, რომ მისი სამხედრო მუნდირი და ღირსება მსგავსი ფაქტის ჩადენის უფლებას არ მისცემდა.

ამჟამად, გამოძიებამ უჯრაზე და ტაქსის მანქანებიდან აღებულ სინჯებზე დამატებითი ექსპერტიზები მოითხოვა, ეკუთვნის თუ არა ისინი ბანკის თანამშრომლებს.

,,აქ ჩვენ რა შუაში ვართ? თუ გამოძიებას აინტერესებს, ეკუთვნის თუ არა უჯრაზე ან ტაქსიში აღებული სინჯი ბანკის თანამშრომელს, რა აუცილებელია ამის გარკვევამდე ზაქარია ადუაშვილი ციხეში იჯდეს?" - იკითხა ადვოკატმა

ადვოკატის კითხვებზე და არგუმენტებზე 10 წუთიანი ფიქრის შემდეგ მოსამართლემ გამოაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე ბრალდებული კვლავ წინასწარ პატიმრობაში უნდა დარჩეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.