ზოგიერთი ორგანიზაცია და დაწესებულება შერეულ მეთოდს ირჩევს - კვირაში 2-4 დღე ოფისში, დანარჩენი კი დისტანციურად.
თუმცა საოფისე გარემოში უსაფრთხოების დაცვა მარტივი არაა. ადამიანებმა პანდემიის პირობებში უნდა დაიცვან მკაცრი რეგულაციები, დისტანცია, ჰიგიენა, რაც პრაქტიკულად განსხვავდება იმ სიტუაციისგან, რასაც წლების განმავლობაში მიჩვეულნი იყვნენ.
ყოველდღიური ჩვევის ცვლილებამ, ფსიქოლოგებისა და მკვლევრების აზრით, შესაძლოა, ზოგიერთ კომპანიაში დიდი საკადრო ცვლილებებიც კი გამოიწვიოს, რადგან ბევრმა შეიძლება, ახალ რეგულაციებს ვერ გაუძლოს და სამუშაო დატოვოს.
მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გამოკითხული თანამშრომლების 54%, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განიხილავს სამუშაოს დატოვებას, თუკი მათ არ ექნებათ არჩევანი, სად და როდის იმუშავებენ.
„მაიკროსოფტის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ გლობალური მუშახელის 41% განიხილავს მომდევნო წლის განმავლობაში ამჟამინდელი დამსაქმებლის შეცვლას.
ტეხასის A&M უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ენტონი კლოცმა, Bloomberg Businessweek- თან ინტერვიუში იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანები, რომლებიც პანდემიის დროს გაურკვევლობაში დარჩნენ, ,,გემიდან გადასახტომად“ ემზადებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესაძლოა, სამსახურები დატოვონ.
„ბევრი გაურკვევლობაა ორივე მხარისთვის. კომპანიები ხვდებიან, რომ უნდა შეინარჩუნონ თანამშრომლები, ამიტომ სთავაზობენ მათ სხვადასხვა ვარიანტს: გსურთ დაბრუნდეთ სრული დროით? დისტანციურად იმუშავებ? სამსახურში კვირაში სამი დღე? ოთხი დღე? ერთი? გაუგებარი იქნება ეს პარამეტრები, თუკი, ასეთი მიდგომა მუდმივად შენარჩუნდება, რადგან ეს გაართულებს თანამშრომლებისთვის დარჩენის ან წასვლის გადაწყვეტილების მიღებას“, – ამბობს ენტონი კლოცი.
სოსო ქუმელაშვილი გორში ცხოვრობს და ეტლით გადაადგილება. ის მერიაში იყო დასაქმებული და თანამშრომლებს პრინტერის გამოყენებასა და კომპიუტერულ მომსახურებაში ეხმარებოდა. სამსახურიდან მისი წასვლა იმ დროს დაემთხვა, როდესაც პანდემია იწყებოდა. ის წელიწადნახევარია აღარ მუშაობს.

,,მერიაში გამომიყვეს ადგილი და უფუნქციოდ ვიყავი, როცა ვინმეს სჭირდებოდა კომპიუტერი და პრინტერი, თვითონვე მუშაობდნენ, დახმარებას ვთავაზობდი და ჩვენ მივხედავთო . კიდევ რომ გაეგრძელებინათ ხელშეკრულება, უარს ვიტყოდი.“ - ამბობს სოსო ქუმელაშვილი.
სამსახურიდან მისი წამოსვლის შემდეგ, მერიის თანამშრომლებიც დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, ასე მოხდა პირველ და მეორე ტალღის დროს. სოსო დახმარება ამ შემთხვევაში, ისედაც აღარავის დასჭირდებოდა და მას მაინც მოუწევდა სხვა სამსახურის მოძებნა.
მერიიდან წამოსვლის შემდეგ, სოსომ სხვა სამსახური მართლაც მოძებნა, თუმცა არც იქ გააჩერეს დიდხანს.
,,სპორტულ აიპში ვირიცხებოდი. მეორე წელი რომ დაიწყო, აღარ გააგრძელეს ხელშეკრულება. ფიზიკურად სპორტსკოლაში ვერ ვივლიდი, არაადაპტირებული ასასვლელია“, - ამბობს სოსო.
ის ამჟამად სახლშია. უნდა, რომ იყოს ჩართული და ჰქონდეს სამსახური, ,,რომ რაღაც ვაკეთო, თორე სახლში ხომ ისეც ვიჯექი“, - გვეუბნება სოსო და ძალიან უკვირს იმ ადამიანების, ვინც შინიდან მუშაობას ამჯობინებს.
,,ბევრისგან მსმენია, რომ მოსწონთ დისტანციურად მუშაობა და შეგუებულებიც არიან. პირადად მე, არ ვარ მომხრე დისტანციურად მუშაობის. ჩემთვის, როგორც შშმ პირისთვის მნიშვნელოვანია ხალხთან პირისპირ ურთიერთობა და სახლიდან გასვლა, ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, რაც დისტანციას არ ითხოვს. ფეისბუკზეც ხშირად შემხვედრია პოსტები, ბევრი წერს, რომ ეზარებათ სამსახურში მისვლა, მიეჩვივნენ დისტანციურად მუშაობას და ოფისში მისვლას ისევ სახლიდან გაუსვლელად მუშაობა ურჩევნიათ“, - ამბობს სოსო ქუმელაშვილი.
საოფისე მუშაობა გორის მერიაშიც აღდგა, დისტანციურად თითქმის აღარავინ მუშაობს, თუმცა თანამშრომლების გარკვეულ ნაწილს, პანდემიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, შეუძლია საკუთარი მოვალეობის შესრულება კვლავ შინიდან განაგრძოს.
გორელი კატო ქოთოლაშვილი 3 წელია, რაც საჯარო რეესტრში მუშაობს. 2020 წელს ერთ-ერთ სამსახურში გადაიყვანეს, სადაც პირველივე დღიდან დისტანციურ რეჟიმზე მოუწია მუშაობა. დასავლეთის ქვეყნებში დასაქმებული ადამიანებისგან განსხვავებით, ტექნიკური შესაძლებლობები კატოს მწირი აქვს, განსაკუთრებით უჩივის ინტერნეტს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სოფელში ყოფნა უწევს.

,,მე სიმართლე რომ გითხრა, გამოკითხვაში რომ მიმეღო მონაწილეობა, იმ ხალხში ვიქნებოდი, ვისაც ოფისიდან მუშაობა ურჩევნია. როცა ახალ სამსახურში დავიწყე მუშაობა, მეორე ტალღის პერიოდი იყო, ამიტომ დასაწყისიდანვე მომიწია სახლიდა მუშაობა. ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, მირჩევნია, ოფისში ყოფნა, ვიდრე სახლში. ინტერნეტის ხარისხიც თუ ძალიან მაღალი არაა, ტექნიკურად ჭირს. მობილიზებაც მეტად რთული იყო ჩემთვის. თავისუფალი და სამუშაო დროს გამიჯვნა გამიჭირდა. ამ ცუდი პირობების გამო, ვერც ვასწრებდი 6 საათამდე სამუშაოს შესრულებას. ბევრად უმჯობესია ოფისში მუშაობა, მაგრამ მეორე საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია - ჯანმრთელობა. საკმაოდ მომატებელია შემთხვევები, რეგულაციებიც მეტ-ნაკლებად გაუქმდა, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდი მობილობა არ იყოს, ჩვენთვისაც სარისკოა, ამისთვის ზედგამოჭრილია – ნაწილობრივ ოფისიდან, ნაწილობრივ – სახლიდან მუშაობა. მაგალითად, ჩემს სამუშაო ოთახში ერთი კვირა 10 თანამშრომელი, მეორე კვირა – 10 თანამშრომელი მუშაობს, ისიც რეგულაციების დაცვით.», - გვიყვება კატო.
დისტანციურად მუშაობა დადებითი გამოცდილება აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის. 2021 წლის იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, აშშ-ს ერთ-ერთი ბოლოდროინდელი გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ამჟამად იმ ადამიანების 44%-ს, ვინც სახლიდან მუშაობს, სურს, დისტანციურად განაგრძოს მუშაობა. მხოლოდ 39% -ს ურჩევნია დაბრუნდეს ოფისში. ამას სპეციალისტები იმითაც ხსნიან, რომ დისტანციურად მომუშავე ადამიანებს გადაადგილების ნაკლები ხარჯი აქვთ, სამაგიეროდ მეტი დრო რჩებათ სამუშაოს, ოჯახისა და დასვენების დასაბალანსებლად.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები