რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ალიკა ბიბილაშვილის მკვლელობა კარალეთში - აგვისტოს ომი

აგვისტოს ომის დროს, 2008 წლის 11-12 აგვისტოს რუსეთის სამხედროებმა გორის რაიონის რამდენიმე სოფელი დაიკავეს. გადაკეტეს ცენტრალური ავტომაგისტრალი და გორში შევიდნენ.

12 აგვისტოს გორის სოფლებში მოროდიორები გამოჩნდნენ. ძარცვავდნენ ოჯახებს, სცემდნენ და კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. რუსეთის სამხედროებმა მშვიდობის დამყარება ვერ შეძლეს.

ზოია და ალიკა ბიბილაშვილები სოფელ კარალეთში იმყოფებოდნენ. ვერ მიატოვეს 87-წლის ბებია და საქონელი. 12 აგვისტოს დილით, ალიკა ბიბილაშვილი მაღაზიაში სიგარეტისა და პურის საყიდლად გავიდა. 59 წლის მამაკაცს, სოფლის მთავარ გზაზე ცეცხლი გაუხსნეს. ის ადგილზე გარდაიცვალა.

12 წლის წინ მომხდარ ამბავს, მისი მეუღლე, ზოია ბიბილაშვილი იხსენებს.

" 7 თუ 8 აგვისტო იყო, სიტუაცია რომ აირია და მერე უფრო გამწვავდა. ჩემს ქმარს არ ეშინოდა, არ ეგონა რომ აქამდე ჩამოვიდოდნენ. თან ისეთი მსხმოიარე ხეხილი გვქონდა, თავისი ხელით ჩაყრილი. ატამის ტოტები ძირს ეწყო ნაყოფის სიმძიმისგან. არ ანებებდა თავს, ყოველ დილით გადიოდა და ათვალიერებდა. "არ დავტოვებ ბაღებს" - ო იძახდა. სხვები რომ წავიდნენ, ცოტა ასაკიანი ხალხი დარჩა სოფელში. ჩვენც დავრჩით, იმის უფრო შეგვეშნდა მარადიორებს არ გაეძარცვათ ჩვენი ბაღები, მაგრამ რომ დაიწყო ბომბების ჩამოყრა, 11 რიცხვში შვილს უთხრა, რომ ახალგაზრდები ხართ და რამე არ დაგიშავონო, ამიტომ ჯობია წახვიდეთო და თბილისში გაუშვა. იმის გამო, რომ ჩვენს მსხვილფეხა საქონელს წველა და მოვლა დასჭირდებოდა, მეუღლესთან ერთად სოფელში მეც დავრჩი. დედამთლიც მყავდა 87 წლის. მას არაფერის კეთება შეეძლო, ავადმყოფობდა. ჰო და ასე დავრჩით მარტო, მე ჩემი ქმარი და ჩემი დედამთილი." - ამბობს ზოია ბიბილაშვილი

ქალბატონ ზოიას მაშინ კი შეეშინდა, როცა სოფლის თავში წმინდა გიორგის სალოცავთან ბომბი ჩამოვარდა.

,,ერთ-ერთი მოსახლის ბოსელს დაეცა. ყველაფერს სახლიდან ვუყურებდით. არ ვიცი ოსები იყვნენ თუ რუსები, უცხო მანქანები სიგნალებით დარბოდნენ. შემდეგ ბეტეერები, ტანკები, სადაც ვცხოვრობდით, იმ დასახლებისკენ გადმოდიოდნენ ხოლმე. მძიმე გასახსენებელია" - აღნიშნა ქალბატონმა ზოიამ.

12 აგვისტოს სოფელში უკვე მოროდიორები შემოვიდნენ.

"12 რომ გათენდა, დილამ თითქოს მშვიდად ჩაიარა, მაგრამ საღამოს მდგომარეობა ისევ გაუარესდა. ალიკა მაღაზიაში გამოვიდა სიგარეტის საყიდლად, თან იფიქრა, ცოტა რამე მოვიმარაგო, რომ მერე მაღაზიებიც არ დაიკეტოსო. ამ დროს, მე საქონელს ვწველიდი, თვითონ აბანოდან გამოვიდა და წავიდა. მაღაზიასთან რამდენიმე ასაკიანი მამაკაციც იჯდა. ამ დროს ჩამოიარა იმათმა მანქანამ. მანქანის მინიდან ავტომატის ლულა ჰქონდათ გადმოყოფილი. ალიკას იქ მსხდარი მოხუცი კაცებისთვის ხელის ჟესტიკულაციით უკითხავს, რა ხდებაო. ამათმა დაინახეს, ესროლეს და ადგილზევე მოკლეს. სამი ჭრილობა ჰქონდა. ტყვია ერთ ფეხში მოხვდა და მეორე ფეხში გაუჩერდა. ნატყვიარი დასიებული ჰქონდა. მეზობლის კაცი სირბილით ჩამოვარდა ჩვენს სახლში. დამიძახა, სწრაფად წამომყევი, ალიკა დაჭრესო. ადგილზე, რომ ავედი უკვე მკვდარი იყო."

ცხედარი მეუღლემ მოხუცი მეზობლების დახმარებით სახლში გადაასვენა. მომდევნო დღეს ოთხი შეიარაღებული პირი მათ ეზოშიც შევიდა:

"მეზობლებმა ადიელები გამომიტანეს, ზეწარზე დაასვენეს და წამომაყვანინეს. მიცვალებული ჯერ კიდევ სახლში გვესვენა, ავტომატებით რომ შემოგვიცვივდა ოთხ-ოთხი კაცი. მაშინაც დავიმალე, წამების შემეშინდა. ჩემს დედამთილს ვთხოვე, შენ გამოეპასუხე, არაფერს დაგიშავებენ, მე მეშინია მეთქი. ბაღის ბოლოში მაღალი სარის ლობიოში ჩავწექი, იქ ვიმალებოდი, მაგრამ ყველაფერი მესმოდა, რასაც ლაპარაკობდნენ. როცა შემოვიდნენ, ჰკითხეს სად არიანო. დედამთილმა კითხა, ვის ეძებთო? ბიჭები სად არიანო? ვინ ბიჭები, ქმარი მკვდარი მყავს. ერთი შვილი მყავდა ცოცხალი და ისიც გუშინ მომიკლესო. ცხედარი მაღლა მიწევსო. თუ არ გჯერათ, ადით და ნახეთო. ისინი აღარ გაჰყვნენ, კარგი გვჯერაო და მაღლა სართულზე აღარ ავიდნენ. მაგ დროს მეზობელი იყო შემოსული. ავტომატიანი კაცები რომ დაინახა, მეზობლის ბაღებზე გადახტა და ისე გაიქცა. ამათმა იკითხეს, სად წავიდა ის კაციო? დედამთილმა უთხრა: აქ არავინ ყოფილაო. მერე საქონლის სადგომში შევიდნენ, საქონელი ნუ გყავთ დაბმული, ცოდონი არიან, გაუშვითო. ძროხას ყელზე შებმული ბაწარი ააჭრეს და წავიდნენ. მას მერე ჩვენთან აღარ შემოსულან."

როდესაც შვილმა მამის ამბავი გაიგო, წამოსვლა გადაწყვიტა, თუმცა თბილისიდან გამოსვლის ნებართვა არ მისცეს. ამიტომ ზოია ბიბილაშვილმა საფლავის გათხრა საკუთარი სახლის ეზოში დაიწყო.

" ოთხი დღის შემდეგ გვამს საშინელი სუნი დაედო, ოთახში ვეღარ ვჩერდებოდით. რა მექნა? გავთხარეთ საფლავი. ორი მოხუცი კაცი და ერთი ავადმყოფი ბიჭი მეხმარებოდა. წინა დღეს რომ დავიწყეთ საფლავის გათხრა, მეორე დღეს დავმარხეთ. მისი დაღუპვიდან 14 დღის შემდეგ სოფელში უცხოელები შემოვიდნენ. სხვადასხვა ქვეყნის პრესა, ტელევიზია, რა ვიცი ვინ არ იყო ჩამოსული. სწორედ მაგ დღეს გადავასვენეთ ცხედარი. ეს ამბავი მაშინ ყველამ გააშუქა"

"ჩემი მეზობლის სახლიდან მანქანა წაიყვანეს ვუყურებდი, ალაყაფს რომ ტეხდნენ, მაგრამ მე რას გამოვეპასუხებოდი, ქალი ვარ და მაინც შემეშინდა. ჩვენი ნათესავის სარდაფიც გატეხეს, სადაც ჩემს გაკეთებულ კომპოტებს და მურაბებს ვინახავდი, ასევე ჩემი ქმრის დაწურული ღვინო და არაყიც იმ სარდაფში გვქონდა. ყველაფერი გაზიდეს."

მას შემდეგ, გუარესდა ოჯახის მდგომარეობა. გაყიდეს საცხოვრებელი სახლი და წლების მანძილზე სხვის სახლში მოუწიათ ცხოვრება.

"ჩემი ქმარი კამაზის მძღოლი იყო. ამ ტრაგედიის შემდეგ ოჯახიც დაგვექცა და წავიდა უკან უკან. ძალიან გავწვალდით. ერთი 10 000 ლარი მოგვცეს კომპენსაციის სახით, მეტი არაფერი და ასე ყოველ წელს თუ ვინმე მოვა ამ ამბის მოსასმენად."


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.