კალენდარი
ახალი ამბები
აბუხალო - ,,ჩვენს სახლში ახლა სხვა ცხოვრობს"
გზა ძამის ხეობიდან გადადის, მიუყვება აბუხალოწყლის ჭალას და ჩაბნელებულ ტყეში იკარგება. თითქოს აქ გზას არც კი უარსებია, განსაკუთრებით კი ჭალაში, სადაც მდინარე პირდაპირ სამანქანო გზაზე მიედინება და სამასი მეტრი მაინც მდინარეში უნდა იარო, რომელიც დიდი ზომის ქვებითა და ნარიყი ხეებით არის სავსე.

გზად კაციშვილის ჭაჭანება არ ჩანს. ერთადერთი რაც შეიძლება მოგესმათ - ტყიდან გამომავალი
ხერხისა და სატვირთო მანქანების განუწყვეტელი ხმაურია, ულამაზესი პეიზაჟების ფონზე კი - ეს და ექსტრემალური გზა, ნამდვილად არ მოგეჩვენებათ პრობლემად.

ჭალის შემდეგ გზა - კლდოვან ნაპრალებში გადის. სოფლამდე ჩანჩქერსაც ნახავთ, რომელიც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ვარდება და ულამაზეს სურათს ჰქმნის. ჩანჩქერის ზევით კალმახი აღარ იქნება - ამბობს ჩვენი მეგზური მძღოლი, რომლისთვისაც ექსტრემალური გზების გადალახვა დიდ სიძნელეებს არ წარმოადგენს.



ფოტოზე: აბუხალოს კლდეში ნაკვეთი სიმაგრე

გავცდით ტყეს და გავედით თითქმის ალპურ ზონაში. მაღალ ქედებს შორის მოთავსებულ ხეობაში აბუხალოც გამოჩნდა. სახლები დგას, ახლადაშენებული ეკლესიაც. თითქოს ხალხი ცხოვრობს, მაგრამ აქ ადგილობრივი აღარავინ ცხოვრობს. ეზოებში შეშაც დაჭრილია, ზამთრისთვის ემზადება ვიღაც - აშკარაა.

ვიდრე სოფელში შევალთ და გავიგებთ, ვინ ემზადება ზამთრისთვის, გვერდით გაიხედავთ, კლდეში გამოკვეთილ გამოქვაბულებს დაინახავთ. ამ გამოქვაბულებში ყოფილა ბერთა მონასტერიც, რომელიც გალავნით ყოფილა გარშემორტყმული.
აბუხალოს კომპლექსს დიდი ქართველი ისტორიკოსი და გაოგრაფი, ვახტანგ VI-ის უკანონო შვილი, ვახუშტი ბატონოშვილიც იცნობდა.

,, კვლავად გვერძინეთს დასავლეთ მიერთვის ხევი აბუხალოსი. აქ არიან ქვაბნი გამოკვეთილნი მაღალსა კლდესა შინა მრავალნი, მას შინა ეკლესია კეთილი და კაცთა შეუვალი სიმაგრით“ - ვკითხულობთ ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში - ,,აღწერაი სამეფოსა საქართველოსა“.



ასეთ გამოქვაბულებს არაერთ სოფელში შევხვდით, რომელიც ძამას ხეობაში ან მის შენაკად მდინარეების ხეობებში მდებარეობს. ასეთივე მიუვალი ქვაბულები ვნახეთ მეხეთში, სადაც სარკის წმინდა გიორგის ეკლესიაა. მეხეთელმა კაცმა გვითხრა, რომ მტერთა შემოსევის დროს, რუისისა და ურბნისის საკათალიკოსოდან საგანძური აჰქონდათ და მალავდნენ. გარდა ამისა, გამოქვაბულები მტერთა შემოსევის დროს მთაში გახიზნული მოსახლეობისთვის სიმაგრებსაც წარმოადგენდა. სწორედ კლდეში გამოკვეთილ ქვაბულებს აბუხალოელები ,,სიმაგრეებს - ოსურად ,,фидартӕ“-ს უწოდებენ.

სიმაგრეების ქვემოთ კი სოფელი აბუხალოა, უფრო სწორად, - ამჟამად, ნასოფლარი.



ფოტოზე: შავლოხოვების სახლი, სადაც ამჟამად ბერი ცხოვრობს

აბუხალოში დღეს სასულიერო პირები ცხოვრობენ. ჩვენი მასპინძელი მამა ანტონია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა რაც მარტო ცხოვრობს, მისი თქმით - დანარჩენი მამები აქაურ პირობებს ვერ შეეგუვნენ და ბარში გადაინაცვლეს. სახლი, რომელშიც დღეს მამა ანტონი ცხოვრობს - ჟორა და მელანა შავლოხოვებს ეკუთვნით, რომლებიც დღეს ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობენ. როგორც მათ ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს - აბუხალოდან ამოწერილები არ არიან, თუმცა მათი სახლი კიდევ თუ არსებობს, არ იციან.

,,აბუხალოდან წამოვედით იმის გამო, რომ იქ სკოლა არ იყო, შუქი არ იყო, არანაირი საშუალება არ იყო; 5 შვილი მყავდა - სკოლაში სად მისულიყვნენ? იქიდან კეხიჯვარში ჩავედით, იმიტომ რომ ბავშვები ცხინვალში, რუსულ სკოლაში დადიოდნენ.“ - გვითხრა მელანა ტომაევამ ჩვენთან მოცემულ ინტერვიუში.

ქალბატონ მელანას და ბატონ ჟორას მათმა შვილმა დაგვაკავშირა. ელზა შავლოხოვა ჩვენი საიტის ერთგული მკითხველია და ყოველთვის ელოდება ოსური სოფლების შესახებ ჩვენს რეპორტაჟებს. ელზამ და მისმა დედმამიშვილებმა ბავშვობა აბუხალოში გაატარეს. მათთვის ეს ადგილი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდს უკავშირდება და ყოველთვის სიამოვნებით იხსენებენ.

,,აბუხალოს შესახებაც ხომ არ აპირებთ ვიდეოს გადაღებას?“ - გვითხრა ელზამ, როცა ხედავდა, რომ მასალები ტყემლოვანის, მეხეთის, გუჯარეთის როგორც ელზას მშობლებმა ინტერვიუში აღნიშნეს - აბუხალოში ბოლოს მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობდა, მანამდე კი სამი გვარის: შავლოხოვების, ფლიევებისა და ხალიევების - ოცამდე ოსური ოჯახი.



ფოტოზე: ჟორა შავლოხოვი და მელანა თომაევი შვილებთან ერთად, აბუხალოში

ელზა შავლოხოვა, რომელმაც თავისი სოფლის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია, დღეს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ არდონში ცხოვრობს. ის და მისი ძმები პატარები იყვნენ, როდესაც 1991 წელს, მშობლებმა წაიყვანეს. ,,ბავშვები გავარიდეთ ომსო“ - ამბობს მელანა თომაევა. ცოლ-ქმართან ინტერვიუ ჩავწერეთ და დეტალურად ყვებიან იმ პერიოდის შესახებ, როგორ და რატომ დატოვეს აბუხალო 1986 წელს; როგორ დასახლდნენ კეხიჯვარში, ქალაქ ქარელის გვერდით მდებარე სოფელში და როგორ დაიძაბა ქვეყანაში მდგომარეობა ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ კეხიჯვარში ოჯახს პრობლემა საერთოდ არ შექმნია, მელანამ და ჟორამ ჩრდილოეთ ოსეთში წასვლა მაინც გადაწყვიტეს, უფრო მეტად, ბავშვების უსაფრთხოების გამო. ომის დაწყებამდე ბავშვები ცხინვალის სკოლაში დადიოდნენ.





ფოტოზე: მელანა თომაევი შვილებთან ერთად

,,აბუხალოდან წამოვედით იმის გამო, რომ იქ სკოლა არ იყო, შუქი არ იყო, არანაირი საშუალება არ იყო; 5 შვილი მყავდა - სკოლაში სად მისულიყვნენ? იქიდან კეხიჯვარში ჩავედით, იმიტომ რომ ბავშვები უკვე სასკოლეები იყვნენ და გაფანტულები იყვნენ. ორი უფროსი - ცხინვალში, ჩემს დასთან იყვნენ, შუათანა - გუჯარეთში, ჩემს მეორე დასთან, მე თვითონაც გუჯარეთელი ვარ. ასე ვიყავით და ჩამოვედით კეხიჯვარში, რათა ჩემს შვილებს ცხინვალში ესწავლათ, რუსულ სკოლაში დადიოდნენ და მაგიტომ წამოვედით იქ. მერე ეს არეულობები დაიწყო და რას ვიზამდით?! ჩვენ ქართველებმა არ გამოგვრეკეს, ქართველებს შორის ვცხოვრობდით - ლომიტაშვილების, ქარელში, კეხიჯვარში და ძალიან კარგი მეზობლები იყვნენ და ძალიან ტკბილები. და რომ ვთქვათ, რომ ქართველებმა გამოგვრეკეს - არა, თვითონ გვიცავდნენ, არც გვიშვებდნენ - ,,დარჩითო, ასე არ იქნება სულ ქვეყანა, ჩაცხრებაო.“ და ასე წამოვედით, ბავშვების გამო. ბავშვები რუსულად სწავლობდნენ და არ გვქონდა ადგილი, სად გვეცხოვრა. აბუხალოშიც სამ ოჯახზე მეტი არ ვიყავით; ჩვენ რომ წამოვედით ერთი ოჯახიღა დარჩა. აბუხალოდან ჩვენ ამოწერილებიც არ ვართ, სახლიც იქ დავტოვეთ, ზაფხულობით ავდიოდით ხოლმე; ლოგინი, რამე - ყველაფერი იქ დავტოვეთ, ზაფხულობით იქ იყვნენ ხოლმე ბავშვები.“ - იხსენებს მელანა თომაევა.


ფოტოზე: მელანა და ზინა ქალაქ არდონში, ჩრდ. ოსეთი

რამდენიმე წლის წინ, საქართველოში მისი ერთ-ერთი შვილი ჩამოვიდა და მშობლიური სოფელი მოინახულა. მას სურს, რომ მშობლიურ სოფელში მშობლიურ კერაზე დარჩენის და ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს. 

,,ჩვენ მოხუცები ვართ, ბიჭი წავიდა და ნახა, ნუ, თუ რამე მისცეს - სახლი, ბიჭები სამნი არიან და ერთად ხომ არ ვიქნებით - დაბრუნდება და იცხოვრებს იქ. ჩვენი სახლი იქ არის. ასე გავიგეთ, რომ იქ ეკლესია ააშენეს სახლის გვერდით. ჩვენ წამოვედით და აღარ ვყოფილვართ. ჩემს უფროს შვილს უნდა უკან დაბრუნება. ძნელზე ძნელი ცხოვრება იყო, საქონელი გვყავდა, პირუტყვი, ვეწვალებოდით, მთის წვერზე სათიბად მივდიოდით, იქიდან ჩამოდი დაღლილი, მერე შვიდი ძროხა მოწველე, საქონელი, ხარები, რამე... ასე ვეწვალებოდით - ბავშვები,  მოხუცი დედამთილი და მამამთილი მყავდა, მათაც არაფერი შეეძლოთ და ასე ვცხოვრობდით. ძნელი ცხოვრება იყო, შუქი არ გვქონდა, არანაირი საშუალება არ იყო, შეშაზე ვმუშაობდით სახლში. ერთი - ჰაერი იყო კარგი, ბავშვებსაც გრიპი არ შეხვედრიათ, ისეთი კარგი ჰაერი იყო. ყველაფერი ნატურალური გვქონდა - თაფლი, კარაქი - ყველაფერს ნატურალურს ვჭამდით. წყალიც ძალიან კარგი გვქონდა, გარშემო ყველგან კარგი წყალი მოდიოდა, მილები არ იყო და სუფთა, კლდიდან ჩამოდიოდა კამკამა წყალი.'' - ამბობს მელანა თომაევა.

ქალბატონი მელანა იხსენებს, რომ აბუხალოში ისეთი ჰაერი იყო, ბავშვებს ვირუსიც კი არ შეხვედრიათ, თუმცა პირობები კომუნისტების დროსაც რთული იყო:

,,არ იყო გზა, სულ ჩაკეტილი იყო, წყლები მოდიოდა და ტყე იყო. ბავშვებთან რომ მივდიოდი ხოლმე ცხინვალში, ცხენით გამომაცილებდა გზამდე ჩემი ქმარი, არ იცოდა, როდის დავბრუნდებოდი და მარტო მივდიოდი ხოლმე ტყე-ტყე, აბა თან მაშინ საშიში არაფერი იყო, მაგრამ ახლაც ვინ წავა მარტო ტყეზე? ასე მარტო მივდიოდი ხოლმე სახლამდე; 15 კილომეტრი ფეხით" - იხსენებს მელანა თომაევი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
"მინდა ადამიანის ფსიქოლოგია შევისწავლო, ყოველთვის გამოვიცნო, რას ფიქრობს, რა გრძნობა აქვს.
19:26 / 26.10.2020
დეტალები ქარტლი.გე-ს ,,საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტის
დეტალები ქარტლი.გე-ს ,,საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტის" ყოფილმა ადვოკატმა
15:49 / 26.10.2020
გორის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი 2011 წლამდე შპს ,,სავაჭრო ცენტრს
გორის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი 2011 წლამდე შპს ,,სავაჭრო ცენტრს"
15:06 / 26.10.2020
გორის შესასვლელში, სოფელ ბერბუკთან ავარია მოხდა.
გორის შესასვლელში, სოფელ ბერბუკთან ავარია მოხდა.
14:51 / 26.10.2020
შაბათის შემდეგ, ტესტირება 192 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დადებითი
პასუხი 78-მა ადამიანმა მიიღო.
შაბათის შემდეგ, ტესტირება 192 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დადებითი პასუხი 78-მა ადამიანმა მიიღო.
13:14 / 26.10.2020
ვიდეორეპორტაჟი
"მინდა ადამიანის ფსიქოლოგია შევისწავლო, ყოველთვის გამოვიცნო, რას ფიქრობს, რა გრძნობა აქვს.
,,სოფელს ის პრობლემა აქვს, რომ სადმე ვერ წახვალ, თუ შენი ტრანსპორტი არ გაქვს.
ყარაფილასა და ორჭოსანს შორის, გავლებულ გამყოფ ღობეზე კარია დამონტაჟებული. 

პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი"" ახორციელებს, რომლის წარმომადგენელმა ლევან გეგეშიძემ გადაცემა

გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.