ხაშურში, ზემო სერის ტყე-პარკში დაწყებულმა მშენებლობამ ადგილობრივ მოსახლეობაში კითხვები გააჩინა. მოქალაქეებმა საკითხის გარკვევის მიზნით ხაშურის საკრებულოს წევრს „გირჩიდან“, ზაზა მეხრიშვილს მიმართეს. მათი თქმით, სამშენებლო სამუშაოების ტერიტორიაზე ახლად ამოსული ნაძვის ხეებიც დაზიანებულია.
ზაზა მეხრიშვილის ინფორმაციით, მან მითითებული საკადასტრო კოდები გადაამოწმა და დაადგინა, რომ ტერიტორია სატყეო სააგენტოს საკუთრებაშია.
მეხრიშვილმა საკითხის გარკვევის მიზნით ხაშურის მერიასაც მიმართა, სადაც, მისი განცხადებით, განუმარტეს, რომ აღნიშნულ მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არაა.
ამის შემდეგ საკრებულოს წევრმა ზედამხედველობის სამსახურს უნებართვო მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.
სამშენებლო ადგილზე მისულებს ხაშურის ეპარქიის წარმომადგენლები დახვდნენ. მათი განმარტებით, ტერიტორიაზე შენდება საცხოვრებელი სახლები, ე.წ. კელიები, იმ სასულიერო პირებისთვის, რომლებიც მშენებარე ბანას ტაძარში იმსახურებენ. თავად მშენებარე ტაძარი ნაძვნარიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ზაზა მეხრიშვილის განცხადებით, სატყეო ზონაში მშენებლობა კანონით აკრძალულია. ადგილზე მყოფმა სასულიერო პირმა კი განაცხადა, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება „დღის წესრიგშია“.
„ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე არის თავისუფალი, აუთვისებელი ადგილები, სადაც შესაძლებელია სასულიერო პირებისთვის საცხოვრებელი სახლების განთავსება ისე, რომ ტყის ტერიტორიის გამოყენება და არსებული ნაძვნარის დაზიანება საჭირო არ გახდეს“, აცხადებს ზაზა მეხრიშვილი.
ამ ეტაპზე ზაზა მეხრიშვილი ზედამხედველობის სამსახურის დასკვნას ელოდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები