|
ამის შესახებ ინფორმაცია Qartli.gE-სთვის იმ დროს გახდა ცნობილი, როდესაც საკრებულოს სხდომაზე ,,გორის რაიონის ტურიზმის განვითარების ცენტრის" დაფინანსების გაზრდის მოთხოვნის თაობაზე, გამგეობა წინადადებებით შევიდა.
აღნიშნული არაკომერციული იურიდიული პირი, დაახლოებით, ორი თვის წინ დაფუძნდა. დაფუძნებისას ტურიზმის ცენტრის დაფინანსება 51 ათასი ლარით განისაზღვრა. ივნისის შუა რიცხვებში კი ორგანიზაციამ დაფინანსების გაზრდა 95 000 ლარამდე მოითხოვა. 2016 წლისთვის კი ეს თანხა 115 000 ლარზეა დაანგარიშებული.
,,საიდან მოვიძიოთ ეს თანხები?" - იკითხეს პარტია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა - ზურაბ ყაჯრიშვილმა, სოსო ვანიშვილმა და ლიანა კოვზიაშვილმა. ამ კითხვას გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ლია მერებაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ თანხა კომერციული ბანკიდან მიღებული პროცენტებიდან მოიძებნა.
,,რაც ჩვენი ანგარიშები სახაზინოზე გადავიდა, მოგვეცა საშუალება, რომ ანგარიშები კომერციულ ბანკებში გაგვეხსნა. ამის უფლება წლის დასაწყისში არ გვქონდა და, შესაბამისად, ამიტომ ვერ დავგეგმეთ მაშინ. ახლა როდესაც კომერციულ ბანკში 2 მლნ ლარის ანგარიში გავხსენით, პროცენტებს ველოდებით" - განაცხადა საფინანსო სამსახურის უფროსმა.
ზურაბ ყაჯრიშვილმა და სოსო ვანიშვილმა განაცხადეს, რომ გამგეობამ აიპიებისთვის თანხა, პირველ კვარტალში, სტიქიური უბედურებებისა და სხვადასხვა სარეზერვო ფონდებიდან გამოძებნა და გამგეობამ თანხმობა ძლივს მისცა.
,,ახლა რას აკეთებთ? ეს მუხლები ნულზე დავსვათ?" - იკითხა სოსო ვანიშვილმა.
,,როდესაც ჯერ საქმე არ გაუკეთებიათ, უკვე დაფინანსების გაზრდას ითხოვენ. ჯერ გააკეთეთ იმ თანხით საქმე, გვაჩვენეთ შედეგები და მერე ვიმსჯელოთ გაზრდაზე" - აღნიშნა საკრებულოს წევრმა ნიაზ ნიაზაშვილმა ,,ქართული ოცნებიდან".
გამგეობის იდეას განსაკუთრებით ლობირებდა მმართველი გუნდიდან ,,რესპუბლიკელი" ვახტანგ ბერკაცაშვილი. მან ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლების - სოსო ვანიშვილისა და ზურაბ ყაჯრიშვილის ჩაკითხვები გააპროტესტა და სხდომის დატოვებით დაიმუქრა. რესპუბლიკელი ბერკაცაშვილის აქტიურობას ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენელი კობა ტლაშაძე გამოეხმაურა:
,,თავის დროზე ჩვენ შევქმენით ტურიზმის ცენტრი ქალაქში. ისედაც არსებული ცენტრის საშუალებით შეიძლება ამ მიმართულებით მუშაობა, რა საჭიროა ამდენი ტურისტული ცენტრები?" - განაცხადა კობა ტლაშაძემ.
,,ეს ტურიზმის ცენტრი ამჟამად ქალაქ გორის მერიის საკუთრებაშია და მეტი საქმე არა აქვთ რაიონისთვის რამე გააკეთონ" - უპასუხა ,,რესპუბლიკელმა" ბერკაცაშვილმა ,,ნაციონალ" ტლაშაძეს.
,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი მარლენ ნადირაძე ამბობს, რომ რაიონის ტურიზმის ცენტრისთვის ამ ეტაპზე არსებული 51 ათასი ლარი წლის ბოლომდე ცოტაა: ,,ან სულ არ მივცეთ თანხა, ან თავიდანვე მივცეთ ის რაოდენობა, რომელიც მათი მუშაობისთვის ეფექტური იქნება" - აღნიშნა მარლენ ნადირაძემ.
საბოლოოდ, საკრებულომ 19/13-ის (ვიდეო კადრებში დაფიქსირებული ხელის ამწევების დათვლის შედეგი) წინააღმდეგ აიპის ხარჯები გაზარდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის იდეას მხარი ფორუმელებმა, რესპუბლიკელებმა და ,,,ქართული პარტიის" წარმომადგენლებმა დაუჭირეს. პარტია ,,ქართული ოცნების" წევრებთან ერთად კი გაზრდის წინააღმდეგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დადგნენ.
რაიონის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი გოგიაშვილის განცხადებით, გაზრდილი თანხა მოხმარდება მძღოლს, 3 თანამშრომელს ბოშურის ბანაკისთვის და უშტატო თანამშრომლებს, რომლებიც ,,ჭირდებათ"
ფოტოზე: სოსო ვანიშვილი, საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც გამგეობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
იხ. ვიდეო

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.







სტატიის გამოყენების პირობები