კახა ტოლიაშვილმა, ბრიფინგის დაწყებამდე, ჟურნალისტებს რუსთავი 2-ის სიუჟეტი უჩვენა, სადაც ესპანური კომპანიის ,,ტექნოპონიენტესი" წარმომადგენლები საუბრობდნენ. ეს ის კომპანიაა, რომელსაც, 2012 წელს, საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ გორის სასათბურე მეურნეობის მშენებლობა და, შემდგომ, იქ მუშაობა დაავალა.
2012 წლის დეკემბერში კი ახალმა ხელისუფლებამ, სახელმწიფო სასათბურე მეურნეობის ხელმძღვანელად, გორის ამჟამინდელი მერი, ხოლო მაშინდელი ბიზნესმენი ზურაბ ჯირკველიშვილი დანიშნა. მას შემდეგ ჯირკველიშვილი და ესპანური კომპანიის წარმომადგენლები სათბურში ერთად ,,მუშაობდნენ".
2014 წლის დეკემბერში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ გამოაცხადა, რომ გორის სასათბურე მეურნეობა, სახელმწიფო საკუთრების რანგში, წამგებიანია. აქედან გამომდინარე, უპრიანია, რომ ის კერძო მესაკუთრეზე გასხვისდეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა იმავე დღესვე აღმოაჩინა, რომ გორის სასათბურე მეურნეობა აუქციონზე ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში, 5 მლნ ლარად იყო გატანილი. თუმცა აუქციონზე, რომლის მოქმედება ერთი თვე გაგრძელდა, მყიდველი არავინ აღმოჩნდა. არც სხვათა შორის ესპანური კომპანია ,,ტექნოპონიენტესი".
2014 წლის დეკემბრის ბოლოს, რუსთავი 2-ის ეთერში კომპანია ,,ტექნოპონიენტესის" წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ საწარმოს შესყიდვა მათ სურდათ. ოღონდ ეს საქართველოს მთავრობისთვის კულისებს მიღმა შეუთავაზებიათ. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა: ,,თუ ყიდვა უნდოდათ, მონაწილეობა აუქციონში მიეღოთო" - იყო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პასუხი.
შესაბამისად, დღევანდელ ბრიფინგზე კახა ტოლიაშვილს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ამ კითხვით მიმართა: ,,რატომ არ მიიღო მონაწილეობა ესპანურმა კომპანიამ ღია აუქციონზე?"
კახა ტოლიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი გორის სასათბურე მეურნეობას მიზანმიმართულად აკოტრებდა, რადგან შემდეგ ის იაფად გაყიდულიყოო. თუმცა აუქციონზე გორის სათბური ზუსტად იმ ფასად იყო გატანილი, რაც აუდიტს შეფასებული ჰქონდა - ანუ 5 მლნ ლარად.
რაკი პირველი აუქციონი არ ჩატარდა, მომდევნო აუქციონზე გასაყიდი ფასი ნახევრდება. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღო პირველ ღია აუქციონში მონაწილეობა ესპანურმა კომპანიამ, ტოლიაშვილი პასუხობს, რომ ამდენი ინფორმაცია არა აქვს. ,,ეს გამოძიების საგანია" - ამბობს ტოლიაშვილი, თუმცა, მას ამის შესახებ კითხვა ესპანურ კომპანიასთან არა აქვს.
რაკი განმეორებით აუქციონზე ობიექტის ფასი ნახევრდება, ბუნებრივია, ესპანურ კომპანიის ინტერესში სათბურის ნახევარ ფასში შეძენაც უნდა შედიოდეს.
რაკი ტოლიაშვილის პრეტენზიის ობიექტი სახელმწიფო იყო, ტოლიაშვილს ვკითხეთ: ,,შედის თუ არა სახელმწიფოს ინტერესში სათბურის ნახევარ ფასში გაყიდვა". ტოლიაშვილმა აღიარა, რომ სახელმწიფოს ინტერესში ეს არ შედის.
რუსთავი 2-ის სიუჟეტში ესპანური კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სათბურში ერთ კვატრატულ მეტრზე 25 კგ პომიდორი მოვიდა, ხოლო ზურაბ ჯირკველიშვილმა აგრონომს 15 კგ ჩააწერინა. ტოლიაშვილს ეჭვი აქვს, რომ დაკარგული 10 კგ პომიდორი არალეგალურად გაყიდეს, ხოლო სახელმწიფომ 33 ათას კვ-მზე მოყვანილი და, ამავე დროს, დაკარგული პომიდორიდან აღებული შემოსავალი ვერ მიიღო.
კახა ტოლიაშვილი დარწმუნებულია, რომ გორის სათბურში თითო კვადრატულ მეტრზე 25 კგ მოვიდა და არც ერთი გრამი გაფუჭებულა, თუმცა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პირად საუბრებში განუცხადეს, რომ მოსავლის გარკვეული ნაწილი გაფუჭდა: კახა ტოლიაშვილს დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არა აქვს.
,,იმ შემთხვევაში, თუ პომიდორის გარკვეული რაოდენობა გაფუჭდა, ამაზე პასუხის ვინ აგებს - აგრონომი თუ დირექტორი?" - ვკითხეთ ტოლიაშვილს. ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ლიდერს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხს დირექტორი აგებს. ხოლო ის ფაქტი, რომ გარკვეულ პერიოდში აგრონომს 3 თვის ხელფასი არ მისცეს, ტოლიაშვილს მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია არა აქვს და არც კითხვები გასჩენია.
ერთი სიტყვით, დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მხოლოდ ზეპირი განცხადებები მოისმინეს. არც ერთ მხარეს ოიფიციალური დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის მიერ დასმული კითხვების შემდეგ კახა ტოლიაშვილი ამბობდა:- ,,თუ ეს ასე მოხდა", ,,თუ ის ნამდვილად მოხდა"; ,,თუ ეს დადასტურდა" და ა.შ. მას ყველა თავისი ბრალდება ,,დადგენილ ფაქტად" არ მიაჩნდა.
გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ის ბრალდებებს პასუხს მას შემდეგ გასცემს, როდესაც კონკრეტულ ბრალდებებს საჯარო სივრცეში მოისმენს.
იხ. ამავე თემაზე: რა ბედი ელის გორის სასათბურე მეურნეობას



ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც


სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.



სტატიის გამოყენების პირობები