ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში წყლის შემკრებ ავზებს შორის დამაკავშირებელი მილი მოიპარეს. ამის შესახებ სოფელში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ზემდგომს ზაზა გულიაშვილს 2014 წლის 8 სექტემბერს თათბირზე აცნობა. ის სოფელში დასაწყობებული ,,შლანგებიდან" 300 მეტრი სიგრძის მასალის გამოყენებას ითხოვს.
ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფელ ატოცში ამ დროისთვის სასმელი წყლის პრობლემაა. მშენებლებმა წყლის ის ცენტრალური მილი გადაჭრეს, რომლითაც დასახლებაა დაქსელილი. ის ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაობის მიმდინარეობისას დააზიანეს. ამის შესახებ ატოცის წარმომადგენელმა მარიამ გულისაშვილმა განაცხადა.
9 სექტემბერს, 13:00 საათზე გენერალ მაზნიაშვილის დახვრეტის დღეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი და ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წევრები კასპის რაიონის სოფელ სასირეთში მდებარე გიორგი მაზნიაშვილის სახლ–მუზეუმს ეწვევიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,რესპუბლიკური" პარტიის პრესცენტრიდან აცნობეს.
გორის ძველი ბაზრის ტერიტორიაზე დარჩენილი დახლები 6 სექტემბრის ღამეს მოვაჭრეებმა დანგრევას გადაარჩინეს. სამშენებლო მასალით დატვირთულ 7 სატვირთო მანქანას წინ გადაუდგნენ და ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ღამის მოდარაჯეებმა კადრების გადაღება მოახერხეს. ყოველ ღამე მოვაჭრეები ახალი ბაზრის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი ხალხისგან დახლებს დანგრევისგან იცავენ. შემოღებული აქვთ მორიგეობა.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, რომლებმაც 2014 წლის აგვისტოს დასაწყისში ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღეს, პოზიციებს იცვლიან და განკარგულებაში ცვლილებების შეტანას გეგმავენ. ამის შესახებ ქარელის საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ გახდა ცნობილი. სხდომის დამთავრებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს დარბაზის დატოვება, ხოლო საკრებულოს წევრებს დარჩენა მოსთხოვა. ,,დახურულ სხდომაზე", სწორედ, საკრებულოს წევრებისთვის ყოველთვიური, 500 ლარიანი ხარჯების ანაზღაურების შესახებ ახალ ნორმებზე ისაუბრეს.
ქალაქ გორის მერს სესხის და გრანტის აღების უფლება უკვე აქვს. ამის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხმობა მისცა. საკრებულოს წევრი კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან" თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ხსენებული პუნქტი სამომავლო პერსპექტივისთვის ჩაიწერა.
2014 წლის 8 სექტემბერს, 13:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ძევერაში იაპონიის მთავრობის მიერ, გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული, „გორის რაიონის სოფელ ძევერაში მეფრინველეობის ცენტრის პროექტის“ საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება. ცერემონიას დაესწრებიან – იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ატონი ტოშიო კაიტანი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და პროექტთან დაკავშირებული ორგანიზაციის წევრები.
გორის რაიონის სოფელ ნაწრეტში დევნილი, 25 წლის ალექსანდრე ხ. მაღაზიაში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს. ინციდენტი მაღაზიის მეპატრონესთან ხურდის გამო მოხდა. საქმის მასალების მიხედვით მაღაზიის მეპატრონემ კლიენტს ხურდა არ დაუბრუნა, რასაც უკმაყოფილო კლიენტის მხრიდან აგრესია მოჰყვა. დაკავებული ჩადენილ ქმედებას აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ბარნაბიათკარში უნებართვოდ შენახული სანადირო თოფი ამოიღეს. სახლში იარაღს ადგილობრივი მკვიდრი ბესიკ ბ. ინახავდა. პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით წარუდგინა. აღნიშნული მუხლი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე სანადირო თოფის შენახვისთვის, ჯარიმას 20-დან 40 ლარამდე ითვალისწინებს.
ატენსა და ხიდისთავში ძლიერი წვიმის გამო მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები დატბორა. წყალი რამოდენიმე სახლის სარდაფში, ეზოში და პირველი სართულზე მდებარე ოთახებში შევიდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად სოფელ ატენში მცხოვრები ჯაფარიძეების ოჯახი დაზარალდა. სახლში წყალი მაშინ შევარდა, როდესაც იქ მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, მთლიანდა დაზიანდა პირველი სართული, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები, დაიხოცა შინაური ფრინველი.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


